NDI: საპრეზიდენტო არჩევნების დღემ, ძირითადად, წესების დაცვით, ერთეული მძიმე დარღვევების ფონზე ჩაიარა
საპრეზიდენტო არჩევნების დღემ ძირითადად წესების დაცვით, ერთეული მძიმე დარღვევების ფონზე ჩაიარა, – ამის შესახებ “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის”(NDI) მიერ გამოქვეყნებულ მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი.
საუბარია არჩევნების მეორე ტურზე.
რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, NDI-iს შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებული და შიშზე დაფუძნებული იყო, ძალადობისა და შევიწროების ინციდენტებით.
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ დასკვნას აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დელეგაციის აზრით, დემოკრატიული მმართველობა საქართველოს ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია.
„დემოკრატიული მმართველობა საქართველოს ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია. ამან ქვეყანა ავტორიტარული მეზობლებისგან გამოარჩია და მას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა მისცა. ამ მონაპოვრის დაკარგვას განუზომლად დიდი ფასი ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ცხოვრებაც ამ კამპანიის მსგავსად არ წარიმართოს. მეორე ტურამდე პერიოდი ძალადობის შემთხვევებით, დაშინების შესახებ ინფორმაციით და სხვა ისეთი ქმედებებით ხასიათდებოდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას და შეიძლება ითქვას, ნორმებს არღვევდა. ორ ტურს შორის კამპანიის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული და მტრული გახდა, შიშის შემცველი მესიჯებითა და არასტაბილურობის შესახებ მუქარებით. არჩევნებს პრეზიდენტის იდეების, ღირებულებებისა და ხედვის შესახებ კონსტრუქციული დებატები აკლდა. გამოიკვეთა ბრალდებები ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია დასკვნაში.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დელეგაცია იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ არჩევნების პოლარიზებულ პრაქტიკებს უარყოფენ.
“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დელეგაცია იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ არჩევნების პოლარიზებულ და ზიანის მომტან პრაქტიკებს უარყოფენ და უფრო კონსტრუქციული პოლიტიკური გარემოს შექმნაზე იმუშავებენ, სადაც კონკურენტებს თანაბარ პირობებში პაექრობისა და მოქალაქეთა ინტერესების ამსახველი განსხვავებული პოლიტიკური ხედვების წარმოდგენის საშუალება ექნებათ”, – ნათქვამია დელეგაციის დასკვნაში.