გია ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებაზე: თითქოს ნიშნის მოგების ტონიც აქვს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადების ეხმაურება.
გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტს განცხადების ტონი დაუწუნა და უარყოფითად შეაფასა.
„პათოსია ძალიან შესამჩნევად უარყოფითი. თუკი შენიშვნებს ამბობენ, თუნდაც მარგველაშვილი, ეს არ არის გათვლილი იმაზე, რომ ხვალ უკეთესი იყოს მდგომარეობა. თითქოს ნიშნის მოგების ტონიც აქვს. რატომღაც ასე ჩამოყალიბდა, რომ რაც უფრო მეტს გააკრიტიკებ საქართველოს, უკეთესი იქნება მისი იმიჯისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჯერ დადებითი ვთქვათ, რამდენი იყო. 3700 უბნიდან რამდენიმეზე მართლაც იყო გადაცდომა. იმავე დარღვევებზე შეიძლება ილაპარაკო საქმიანად, ვიდრე ასეთ ტონში, როგორც მარგველაშვილი, პრეზიდენტი მიმართავს თავის ქვეყანას, ხალხს. ასეთია მისი ხასიათი, მას მიაჩნია, რომ ასეთი პოზიციით უფრო ჩაეწერება ისტორიის ფურცელზე, ვიდრე საქმიანი, დინჯი, მოკრძალებული საუბრით. საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა ყველაფერი. გადაცდომები იყო როგორც მისი არჩევნების დროს, ასევე ახლა. გადაცდომები არის სხვადასხვა დონეზე. რომ მოიკითხო, თუნდაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო. ჩვენ ვართ 21-ე საუკუნის ჩამოყალიბებული დემოკრატია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ასეთი არჩევნები ამ სტანდარტით მეტი აღარ უნდა ჩატარდეს.
„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოსახლეობის მაღალმა აქტივობამ ნათლად აჩვენა, რომ საზოგადოებისთვის პრეზიდენტის არჩევა პრინციპული და მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებითა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე, მინდა, შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული არჩევნების ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე. საქართველოში ასეთი არჩევნები ამ სტანდარტით მეტი აღარ უნდა ჩატარდეს“, – აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.