დავით ბაქრაძე: არ გვექნება ისეთი მოქმედებები, რომელიც ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციას გამოიწვევს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ისინი არჩევნების შეფასებასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას, მას შემდეგ გააკეთებენ, რაც პარტია საბოლოო გეგმაზე ჩამოყალიბდება.
მისივე თქმით, არ იქნება ისეთი მოქმედება, რომელიც ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
„როგორც გუშინ განვაცხადეთ, „ევროპული საქართველო“ არჩევნების შეფასებასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს მას შემდეგ, რაც პარტია ჩამოყალიბდება ამის თაობაზე. მინდა, ვაცნობო მხარდამჭერებსა და საზოგადოებას, რომ ხვალ გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა. სხდომაზე პარტია ჩამოყალიბდება არჩევნების საბოლოო შეფასებაზე და სამომავლო სამოქმედო გეგმაზე. მძიმე შეფასებები, რომელიც გვქონდა არჩევნებთან დაკავშირებით, ძალაშია. განვლილი ღამის განმავლობაში იყო ბევრი დარღვევა, რაც ამკაცრებს აზრს, რომ არჩევნები შედგა დემოკრატიის დაზიანების ხარჯზე. ეს შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ სამოქმედო სტრატეგიაზე.
არ იქნება ისეთი მოქმედებები, რომელიც გამოიწვევს სამართალდამცავი სისტემის, პოლიციის ან ჯარის დაუმორჩილებლობას, მათ ჩართულობას პოლიტიკურ პროცესში. ჩვენი პარტიისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა და სიმშვიდე”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.