ოლეგ ცარევის სახლი დნეპროპეტროვსკში უცნობმა პირებმა დაწვეს
უცნობმა პირებმა უმაღლესი რადის დეპუტატის, მოძრაობა “სამხრეთ-აღმოსავლეთის” ლიდერის ოლეგ ცარევის სახლი დნეპროპეტროვსკში დაწვეს, – ამის შესახებ ცარევმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა. დეპუტატის თქმით, მოსკოვის დროით 03:00 საათზე უცნობი შეიარაღებული პირები ორი ავტობუსით მივიდნენ მის სახლთან. მათ სახლში ცეცხლგამჩენი ბოთლები შეაგდეს და თან ამ ყველაფერს ვიდეოკამერით იღებდნენ.
მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა დილით მოახერხეს. ცარევის განცხადებით, მისი მეუღლე და ბავშვები სახლში არ იმყოფებოდნენ და არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცნობმა პირებმა ცარევის სახლის დაწვა სცადეს. ნიღბიანმა პირებმა სახლის ღობე გაარღვიეს, ცარევის კუთვნილი მანქანა დაცხრილეს და წავიდნენ, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, მაშინ მათ ცარევის სახლი შეეშალათ და მის მაგივრად მეზობლის სახლთან აღმოჩნდნენ.