სანდრო გირგვლიანის ბიძა: „ნაციონალური მოძრაობა“ ტერორისტული რეჟიმი იყო, რომელმაც უკადრებელი იკადრა
ძალიან მიკვირს იმ ხალხის, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას აძლევს. ვისაც უნდა, რომ გრიგოლ ვაშაძე დაინიშნოს პრეზიდენტად. ეს იყო ტერორისტული რეჟიმი, რომელმაც საქართველოში იკადრა უკადრებელი, – ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის ბიძამ, გოგი ენუქიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გოგი ენუქიძე სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმის” წევრია.
„მე ამ მოძრაობის სათავეში ვიყავი თავიდანვე, იმის მერე, რაც მოხდა დიდი უბედურება – სანდრო გირგვლიანის გარდაცვალება, ამის შემდეგ კი ჩემი დის, ირინა ენუქიძის. ამ დღიდან მოყოლებული მე მათი წინააღმდეგი ვარ, იმდენად რამდენადაც, ეს იყო , ფაქტობრივად, ტერორისტული რეჟიმი, რომელმაც საქართველოში იკადრა უკადრებელი. ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ერი გაენადგურებინა, რომ ერს დაეკარგა ტერიტორიები, ბევრი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, ბევრი ახალგაზრდა შეეწირა მათ რეჟიმს. მთელი საქართველო ტრაგიკულ მდგომარეობაში იყო. ძალიან მიკვირს იმ ხალხის, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას აძლევს. ვისაც უნდა, რომ გრიგოლ ვაშაძე დაინიშნოს პრეზიდენტად. წარმოუდგენელია ამის ფიქრი, რომ საქართველოში არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰყოფნით ძალა და ენერგია, რომ მას დაუჭირონ მხარი.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათთვის მხარის დაჭერა, იმიტომ რომ ისინი არიან საქართველოს მტრები, მოღალატეები. ყველამ, უპირობოდ, მხარი უნდა დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, არამარტო იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მისი მოწინააღმდეგე მხარე, არამედ იმიტომაც, რომ ის არის ნამდვილად პატრიოტი ადამიანი, მას ნამდვილად უნდა, რომ საქართველო იყოს გამარჯვებული“, – განაცხადა ენუქიძემ.
მისივე თქმით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სამართალი ნაწილობრივ დამდგარია. ენუქიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა. თებერვალში, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის კითხვაზე – როგორ აფასებს სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე შეწყალებას, როგორც პოლიტიკურ შეცდომას, თუ როგორც სწორ ნაბიჯს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ გირგვლიანის სიკვდილი იყო ტრაგედია, მაგრამ აღარ აპირებს ამ თემაზე ლაპარაკს.
“გეყოთ, თქვენც და ყველასაც. ამოვიდა, აი, ყელში მაქვს უკვე ამოსული. ამოვიდა ყელში გირგვლიანზე ლაპარაკი, თავზე გემხობათ ქვეყანა და თქვენ აგრძელებთ, როგორც პატეფონები, გირგვლიანზე ლაპარაკს. რაღა დროს გირგვლიანია, საქართველო დაგეღუპათ უკვე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის საქმეს, ვფიქრობ, ნაწილობრივ დამდგარია ის სამართლიანობა, რაც უნდა დამდგარიყო ამ საქმეზე. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ზოგი ადამიანი კიდევ არ არის დასჯილი, ზოგი გაქცეულია, ისეთები როგორებიც არიან, დათა ახალია, მიხეილ სააკაშვილი. კიდევ არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ეჭვქვეშ დგას, ისინი უშაულოდ მონაწილეები იყვნენ, თუ არა ამ საქმეში, ესენი არიან თაკო მერაბიშვილი და გურამ დონაძე.
მოღალატე სააკაშვილის გამონათქვამებზე კომენტარებს არ გავაკეთებ. იმდენად რამდენადაც ვთვლი, რომ ის არ არის ადამიანი, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. მას არც სინდისი აქვს, არც ნამუსი, მხოლოდ იმას ლაპარაკობს, რაც მას აწყობს“, – განაცხადა ენუქიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე 4 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. სააკაშვილს სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შეუმცირდა და საპატიმრო ვადა 3 წლის ვადით განესაზღვრა.
მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
“სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურებულად მიიჩნია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ალექსანდრე გირგვლიანის საქმესთან შემხებლობაში მყოფი მაღალი თანამდებობის პირებისათვის, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მიზნით, გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურს, მიხეილ ბიბილურიძეს და ალექსანდრე ღაჭავას შეწყალების დაპირება, რაც მოგვიანებით შეასრულა. შესაბამისად, პასუხისმგებლობისგან აცილებულ იქნენ მაღალი თანამდებობის პირები, რამაც დაზარალებულის ოჯახის წევრთა უფლებებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებით დარღვევა გამოიწვია”- ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში
სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა.
„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2006 წლის 27 იანვარს, ქ. თბილისში, კაფე-ბარ ,,შარდენბარში“, სანდრო გირგვლიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა თამარ მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას სუფრის წევრ თათია მაისურაძესთან, რის გამოც დავით ახალაიას დავალებით, ადგილზე გამოძახებულმა კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე.
გამტაცებლებმა სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. ნაწამები სანდრო გირგვლიანის გვამი ნანახი იქნა ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე”- ნათქვამია მთავარი პროკურატურის ინფორმაციაში.
თამუნა შეყილაძე