თორნიკე რიჟვაძე ოპონენტებს: დაპაუზებულია მათი პოლიტიკური წამმზომი

„დღევანდელი დღე არის ჩვენი ზუსტი პასუხი იმ ადამიანებისადმი, ვინც ამბობს, რომ აჭარა გაჩერდა ან დაპაუზებულია. დაპაუზებული არის მათი პოლიტიკური წამმზომი და ჩვენ, ასეთი საქმეებით, შევძლებთ, ვუპასუხოთ მათ ქილიკს”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულების პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გაზიფიცირების პროექტი არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ მოქმედი ხელისუფლება ზრუნავს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რეგიონში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაზე.
„მაღალმთიან აჭარაში ეს მართლაც ისტორიული დღეა, დღე, როცა ჩვენ საზეიმო ვითარებაში აღვნიშნავთ გაზიფიცირების პირველი ეტაპის დასრულებას. ეს არის ეტაპი, რომელიც ახალ სიცოცხლეს შესძენს ჩვენი მთის განვითარებას, მაღალმთიანი აჭარის განვითარება კი ჩვენი ძლიერი ქვეყნის, ძლიერი საქართველოს საწინდარია”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პირველი ეტაპის დასრულების ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო. გაიმართა გაზის ანთების სიმბოლური ცერემონიალი. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების მეორე ეტაპის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რაც შუახევიდან გოდერძის უღელტეხილამდე გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები