გორის ლომბარდის მეპატრონე: სამხედრო მოსამსახურეებმა სახელფასო ბარათების დალომბარდება 2006 წლიდან დაიწყეს(ვიდეო)

გორში ლომბარდების მეპატრონეები კატეგორიულად უარყოფენ ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერით გასულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს სამხედრო მოსამსახურეები ბოლო პერიოდში, საკუთარ სახელფასო ბარათებს ინტენსიურად ალომბარდებენ.
მათი თქმით, არაერთი მსგავსი შემთხვევა მართლაც იყო, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამან ბოლო წლებში, სისტემატიური ხასიათი მიიღო, არასწორია.
„გორში, სამხედრო მოსამსახურეების მიერ სახელფასო ბარათების დალომბარდება ჯერ კიდევ 2006 წლიდან დაიწყო. ყველაზე ინტენსიური ხასიათი კი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ მიიღო“,- აცხადებს “კვირასთან” საუბარში ერთ-ერთი ლომბარდის მფლობელი.
კახა გოგიაშვილის თქმით, გორსა და გორის რაიონში მცხოვრებმა ჯარისკაცებმა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, სახელფასო ბარათების დალომბარდება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, სანამ 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, თუმცა ინტენსიური სახე ამან აგვისტოს მოვლენების შემდეგ მიიღო. სამხედრო მოსამსახურეები ჩვენთან სალომბარდე სესხებს თვიური 30%-იანი საპროცენტო განაკვეთით იღებდნენ.
„ზუსტად ვიცი, რომ ამის შესახებ იმდროინდელი ხელისუფლება საქმის კურსში იყო, თუმცა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ“, – აცხადებს გოგიაშვილი.
“კვირასთან” სალომბარდე სესხების შესახებ მოქმედი სამხედრო მოსამსახურეც საუბრობს, მისი თქმით, ამ ეტაპზე ბარათების დალომბარდება აკრძალულია და მკაცრად კონტროლდება, თუმცა არ გამორიცხავს რომ ვიღაც ჩუმად მაინც ალომბარდებდეს. ჯარისკაცთა უმრავლესობას სასესხო ვალდებულებებზე პრობლემები სწორედ 2006-2008 წლებში დაეწყო.
“კვირას” რესპოდენტი, რომელიც 2008 წლის სამხედრო მოქმედებების მონაწილეა, ამბობს, რომ თავადაც ჰქონდა სახელფასო ბარათი დალომბარდებული და მის კოლეგებს სალომბარდე ვალდებულებები ახლაც აქვთ.
„სასესხო ვალდებულების გამო, ოჯახის რჩენას ვერ ვახერხებდი და ეს მაშინ გამოსავალი იყო“, – აცხადებს ქართველი სამხედრო.
მისი თქმით, ის რომ ეს პროცესი ახლა დაიწყო, როგორც ამას ერთ-ერთი ტელევიზია აცხადებს, სიმართლეს არ შეეფერება.
„ სრული სიცრუეა. ეს მაშინ დაიწყო, როცა სამხედროებს ყველაზე მეტად გვიჭირდა და ახლა კი ოფიციალურად აკრძალულია მეთაურებიდან ბარათების დალომბარდება“ – ამბობს “კვირასთან” სამხედრო მოსამსახურე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები