“არც ერთი ხმა საბჭოთა რუსეთს საქართველოდან არ ეკუთვნის – ვაშაძის ხმების რაოდენობა უნდა იყოს ზერო”

“არც ერთი ხმა საბჭოთა რუსეთს საქართველოდან არ ეკუთვნის. არც ერთი ხმა ამხანაგ ვაშაძეს. სალამი საქართველოს ევროპულ მომავალს, სალამი სალომეს”, – ასე დაასრულა პოეტმა დავით მაღრაძემ რუსთავში, “მე ვიცავ თავისუფლებას” ორგანიზებით გამართული შეხვედრა.
მაღრაძემ შეკრებილ საზოგადოებას საპრეზიდენტო კანდიდატების, გრიგოლ ვაშაძისა და სალომე ზურაბიშვილის განვლილი ცხოვრება გაიხსენა.
“რუსეთ-საქართველოს ომი იყო, როდესაც ამხანაგი ვაშაძე იმ ქვეყნის მოქალაქედ ფიქსირდებოდა, საიდანაც საქართველო იბომბებოდა. ის დღეს ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატია, ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, რომ დღეს ჩვენ განვიხილავთ მას, როგორც ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს. იმ ქვეყნის პრეზიდენტობა მოუნდა, რომელი ქვეყანაც მისი სამშობლოდან იბომბებოდა და როდესც ეს ტრაგიკული მოვლენები მოხდა, აგვისტოს მოვლენებიდან რამდენიმე კვირაში, ამხანაგი ვაშაძე წერს რუსეთის კულტურის სამინისტროს, დაგვითმეთ დარბაზები და ჩვენ ჩამოვალთ ცეკვა-სიმღერით და ჩამოვიყვანთ ანსამბლებსო. ის ხალხი გამოყვანილი არ იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომელიც მათ მიატოვეს, გვამები ჯერ კიდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო, დუღდა ყველაფერი და ეს კაცი წერს რუსეთს, რომ მზად არის, ანსამბლებს გაუძღვეს ოკუპანტების ქვეყნაში.
ეს, რა თქმა უნდა, მისი პრეზიდენტის გარეშე ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ აი, გრიშა და მიშა ასე შეთანხმდნენ, რომ უნდა ეზეიმათ. აი, როგორც “ქეთო და კოტეში” – სიკო და ნიკო მეტს ვერაფერს მოიფიქრებენ და ვიმღეროთ და ვიცეკვოთო, გადაწყვეტენ, ისე მოიფიქრეს მიშამ და გრიშამ, რომ უნდა ემღერათ და ეცეკვათ.
კულტურული ურთიერთობების წინააღმდეგი არასოდეს ვყოფილვარ, ოღონდ ჩემი ურთიერთობები სხვა სივრცეებს გულისხმობდა და არა სააკაშვილისა და ვაშაძის ჩანაფიქრის მსგავსს. დღეს სასწორის ერთ პინაზე არის წარმოდგენილი საბჭოთა რუსეთი, ამხანაგ ვაშაძის სახით, აქეთ პინაზე არის ევროპული საქართველო. აი, ძალიან მკაფიოა არჩევანი და ორიოდე სიტყვით შევეხები ჩვენს ტრაგიკულ ემიგრაციას, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სულ რამდენიმე წელში ტოვებს საქართველოს და მიაქვს თავის სამშობლო უცხოეთში. მთელი ცხოვრება, ამ ხალხმა ღირსეულად ატარა თავის სამშობლო. იქ, უცხოეთში ბევრმა მათგანმა საფრანგეთის მოქალაქეობა არ მიიღო, ამით თავის თავსაც არწმუნებდნენ და გარშემომყოფებსაც, რომ ის რჩებოდა დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქედ.
ქალბატონ სალომეს როდესაც დაუდგა არჩევანი, მან აირჩია საქართველოს მოქალაქეობა, სააკაშვილს როცა დაუდგა არჩევანი, თქვენ გახსოვთ, პირველივე მოსახვევში ქართული პასპორტი მოისროლა და დიდი ენთუზიაზმით გახდა უკრაინის გუბერნატორი. მან სამშობლო გაცვალა გუბერნატორის სავარძელზე.
ამ არჩევნებზე დიდი მსვლელობა უნდა მოეწყოს, სახალხო მანიფესტაცია. თავად არჩევნები უნდა გადაიქცეს დიდ სახალხო, ეროვნულ დღესასწაულად. ჩვენი ბედი არჩევნებზე თავად უნდა გადავწყვიტოთ, ესაა ჩვენი წინაპრის და ჩვენი მომავლის მოთხოვნა, ამას გრძნობს ყველა. თუ ქართულმა თავმოყვარეობამ იმ ძალისხმევით გაიღვიძა, რომელიც ჩვენ გვენატრება ხოლმე და თუ ქართული თავმოყვარეობა იმ სიმაღლეზე დადგა, რომელიც ბაზალეთის ტბაში რომ წევს, იმ ქართველისთვის იქნება საოცნებო, პროცენტები კი არა, საბჭოთა გადმონაშთმა ამხანაგმა ვერც ერთი ხმა ვერ უნდა წაიღოს, საერთოდ მისი ხმების რაოდენობა უნდა იყოს ზერო, იმიტომ, რომ მათი სახელი არის ზერო. არც ერთი ხმა საბჭოთა რუსეთს საქართველოდან არ ეკუთვნის, არც ერთი ხმა ამხანაგ ვაშაძეს! სალამი საქართველოს ევროპულ მომავალს, სალამი სალომეს”, – განაცხადა პოეტმა დავით მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები