“ჩატაევს დავალებული ჰქონდა ხალხის საქართველოში მოძიება და ტერაქტების მომზადება”

ჩვენ გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგანაც, რომ ჩატაევი ტერორისტულ აქტებს გეგმავდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც, – ამის შესახებ კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიმაკაძემ “კვირის პალიტრასთან” საუბრისას განაცხადა.
“არცერთი დაკავებული არ იძლევა ჩვენებას, რა გეგმები ჰქონდა ჩატაევს საქართველოში. ჩვენ გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგანაც, რომ ჩატაევი ტერორისტულ აქტებს გეგმავდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც. რაც მოგვიანებით, უკვე აბუ-ჯიჰადისა და ჩატაევის აუდიოგზავნილებით დადასტურდა. არ ვიცი, ის გზავნილები როგორ მოიპოვეთ, მაგრამ ფაქტია, თქვენ გაასაჯაროეთ. ირკვევა, რომ ჩატაევს დავალებული ჰქონდა ხალხის მოძიება და ტერაქტების მომზადება საქართველოში, ასევე თურქეთშიც და მასობრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ბევრი უცხოელი ტურისტია”, – აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ჩატაევს “ისლამური ხალიფატის” ხელმძღვანელობასთან, ბოლო დროს, ურთიერთობა გაფუჭებული ჰქონდა და სწორედ ამიტომაც, რეაბილიტაციისთვის ეცდებოდა­ ტერორისტული აქტივობით თავის გამოჩენას.
“ჩვენ მიერ გასაჯაროებულ აუდიოგზავნილებში არის ერთი საინტერესო დეტალი – აბუ-ჯიჰადი ჩატაევს ესაუბრება მხოლოდ­ თურქეთზე, ხოლო საქართველოს რატომღაც ჩატაევი თავად სთავაზობს. მტკიცებით ფორმაში ვერ ვისაუბრებ იმაზე, თუ რომელი დიდი ქვეყნის სპეცსამსახური იდგა ჩატაევის უკან. გამორიცხული არ არის, რომ საქართველოში აქტივობით თავად ჩატაევიც ყოფილიყო დაინტერესებული. ჩვენ ვფლობდით ოპერატიულ ინფორმაციას, რომ ბოლო დროს მას გაუფუჭდა ურთიერთობა “ისლამური ხალიფატის” ხელმძღვანელობასთან, ამიტომ რეაბილიტაციისთვის ეცდებოდა­ ტერორისტული აქტივობით თავის გამოჩენას იმ ქვეყნებში, სადაც კავშირები ჰქონდა”, – განაცხადა ირაკლი ჩიმაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები