ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიციას ცესკო-ს დისკრედიტაცია არჩევნების დელეგიტიმაციისათვის სჭირდება

„ოპოზიციის კრიტიკა იმის შესახებ, რომ ცესკო საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს არ იცავს და ხმის მიცემისთვის ხელოვნურ ბარიერს ქმნის, გადაჭარბებულია. ეს აზრი სასამართლომაც გაიზიარა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის საჩივარი არჩევნების თარიღთან დაკავშრებით, არ დააკმაყოფილა“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.
ანალიტიკოსის თქმით, ეს რომ ასე არ არის, არგუმენტად ისიც გამოდგება, რომ ცესკომ უცხოეთში მოქმედ საარჩევნო უბნებს მუშაობის დრო საღამოს 12 საათამდე გაუგრძელა და მიუხედავად ამისა, არასამთავრობო სექტორი ცესკოს საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბებაბში ადანაშაულებს.
„კანონი არ დარღვეულა და ცესკომ არჩევნების მეორე ტური იმ დღეს დანიშნა, რასაც კანონი მოითხოვდა. ის, რომ თბილისში მცხოვრებ და რაიონში რეგისტრირებულ მოქალაქეებს დაეზარებათ გამგზავრება და ხმის მიცემა და ა.შ, არის მხოლოდ ვარაუდებზე და განცდებზე აგებული მსჯელობები. კანონიდან გამომდინარე, არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს დაემთხვა, რაც არის ფაქტი. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიც სამუშაო დღეს ჩატარდა, მაგრამ ამომრჩეველთა მოტივაცია მაღალი იყო. მასში რეკორდულმა რაოდენობამ, 2,6 მლნ ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. არ მგონია ამ არჩევნებზე, რომელმაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, ამომრჩეველს დემოტივაცია გაუჩნდეს და საარჩევნო ყუთებთან მისვლა ვერ შეძლოს”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
როგორ მან აღნიშნა, ის, რომ არასამთავრობო სექტორი არჩევნების პროცესს ასე გულდასმით და კრიტიკულად აკვირდება, დემოკრატიის მაღალ სტანდარტზე მიუთითებს, თუმცა სასურველია, არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში ასეთივე მონდომებით და შემართებით ოპოზიციის ქმედებებსაც აკვირდებოდნენ.
„ის ბრალდებები, რაც ცესკოს წინააღმდეგ ისმის არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობილ მიმართვაში, დამტკიცებას საჭიროებს და ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია არ არის. ისევე, როგორც ოპოზიციური პარტიების ბრალდებები. აღმოჩნდა, რომ საზღვარგარეთ, ევროპასა და სხვა ქვეყნებში, ამომრჩევლად რეგისტრირებულია 60,000 -მდე ჩვენი მოქალაქე, საიდანაც, ტრადიციულად, არჩევნებში დაახლოებით 6000- მდე მოქალაქე იღებს მონაწილეობას, რაც არც ისე დიდი ელექტორალური რესურსია“, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, „ოპოზიციას ცესკოს დისკრედიტაცია არჩევნების დელეგიტიმაციისათვის სჭირდება, რათა შემდეგ საპროტესტო აქციებისათვის ნოყიერი ნიადაგი შექმნას“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები