ეკა ბესელია ინტერდისციპლინური გეოლოგიური საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორს, შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოში ვიზიტით მყოფ ინტერდისციპლინური გეოლოგიური საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორს, პროფესორ ტალბოტ ბრუქსს შეხვდა.
მან და პროფესორმა საქართველოში მეწყრული ზონების შესწავლისა და მოსალოდნელი შედეგების პრევენციული მექანიზმების უახლესი ტექნოლოგიის დანერგვასა და იმპლემენტაციის თაობაზე ისაუბრეს​.
​შეხვედრაზე საუბარი საქართველოში მეწყრული ზონების შესწავლისა და მოსალოდნელი შედეგების პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით ამერიკელი პროფესორის გამოცდილებისა და ახალი ტექნოლოგიების გაზიარებას, რომელიც სამეცნიერო დონეზე ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ახალი კადრების მომზადებას შეეხო, რომლის განხორციელებაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში იგეგმება.
“ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. პროფესორი ტალბოტ ბრუქსი ცდილობს დაეხმაროს საქართველოს, რომ მეწყერული ზონების შესწავლის და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შემთხვევაში ქვეყანა პრევენციის კუთხით გაძლიერდეს”, – განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო ახალი კანონი “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესახებ”, რომელიც მიზნად ისახავს პრევენციას, მათ შორის ისეთი სტიქიური მოვლენების დროს, როგორსაც ადგილი ჰქონდა შარშან, ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს და 2015 წელს, მდინარე ვერეს ხეობაში წყალდიდობის დროს.
“პროფესორი გვთავაზობს, რომ საქართველოში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბაზაზე დაინერგოს ისეთი ტიპის ინტერდისციპლინური და ტექნოლოგიური ცენტრი, რომელიც მოამზადებს კვალიფიციურ სპეციალისტებს და ექსპერტებს, დანერგავს ისეთ ახალ ტექნოლოგიებს, როგორიც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატები და ევროპის რამდენიმე ქვეყანა და სადაც მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების წინასწარ გათვლა და გაზომვა შეიძლება მათი თავიდან აცილებისა მიზნით”, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, პროფესორმა ტალბოტ ბრუქსმა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენელებმა შეხვედრაზე აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში დახმარება ითხოვეს.
“ჩვენ მხრიდან ამას სჭირდება კოორდინაციაში დახმარება, რომ ამ პროცესში ჩაერთოს სხვადასხვა შესაბამისი უწყებები. ახალი ტექნოლოგიების სწავლება და დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია იქნება ისეთი ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც ასეთი საფრთხეებისგან არ ვართ დაზღვეული და გვჭირდება წინასწარი პრევენცია. ჩვენს მიერ მიღებულ კანონი სწორედ პრევენციის ზომების გაძლიერებას ემსახურება, მაგრამ ეს უნდა ეფუძნებოდეს ახალ ტექნოლოგიებს და პროგრესს.
​ჩვენ შევთანხმდით, რომ წარმოდგენილ პროექტს გავაცნობთ შესაბამისი დარგის წარმომადგენელებს, შესაბამის სამინისტროებს და დავეხმარებით კოორდინაციაში იმისთვის, რომ ეს ინიციატივა განხორციელდეს”,- აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.​
დაწერეთ შეტყობინება…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები