დედა პარასკევა სამთავროს დედათა მონასტერში დაბრუნდა

დედა პარასკევა სამთავროს დედათა მონასტერში დაბრუნდა – ამის შესახებ „კვირას“ მონასტერში განუცხადეს. როგორც  დარაჯმა ვაჟა ლომიძემ განაცხადა, დედა პარასკევა  უკვე ორი კვირაა მონასტერშია.
„დედა პარასკევა მონასტერში მას შემდეგ იმყოფება, რაც დედამისი დაკრძალეს. მისი დედა მონაზონი იყო. მრევლი დედა მატრონას სახელით იცნობდა. დედა მატრონა სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალეს. დაკრძალვის მეორე დღიდან დედა პარასკევა სამთავროს მონასტრის კელიაში ცხოვრობს“, – აღნიშნა ვაჟა ლომიძემ.
როგორც „კვირას“ დედა პარასკევას ახლობელმა განუცხადა, ის კელიაში განმარტოებით იმყოფება და მას პირადი ტელეფონიც ჩამოართვეს.
„დედა მატრონა რომ დაკრძალეს, საფლავზე ვიყავით გასულები. დედაოებმა უთხრეს, რომ დარჩიო. დედა ქეთევანისგანაც მიიღო თანხმობა, თუმცა იმ შემთხვევაში დარჩებოდა მონასტერში, თუ მორჩილებაში იქნებოდა. მას პირადი ტელეფონი  და კარტაც ჩამოართვეს. კელიაშია მარტოა. მხოლოდ წირვაზე გამოდის გარეთ. ლოცვის დროს დედა ქეთევანის წინ მორჩილად, განმარტოებით დგას. მრევლთან კონტაქტიც კი აკრძალული აქვს. რამდენჯერმე მოვითხოვე, რომ დედა პარასკევას შევხვედროდი, მაგრამ არ მიმიშვეს. მიზეზად კი მისი მორჩილება დაასახელეს.
მანამდე დედა პარასკევა პატრიარქს შეხვდა და სამთავროს დედათა მონასტერში მომხდარი ინციდენტის შესახებ ესაუბრა. უწმინდესმა ის დაამშვიდა და დაჰპირდა, რომ მონასტერში წასვლა თავად დედა პარსკევას უნდა გადაეწყვიტა. ჰოდა, დარჩა მონასტერში“, – განუცხადა „კვირას“ დედა პარსკევას ოჯახის ახლობელმა.
ცნობილია, რომ დედა პარასკევას დედა, მონაზონი მატრონა 10 მაისს მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაკრძალეს.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღოლს დედა ქეთევანსა და დედა პარასკევას შორის ინციდენტი მოხდა.
„მემუქრებოდა, თავს გაგიტეხავ და ახლავე წადი აქედანო. უშვერი სიტყვებით მლანძღავდა. შე გაფუჭებულოო – მეძახდა. მეც ავდექი და უჩუმრად მონასტერი დავტოვე“, – განუცხადა „კვირას“ დედა პარასკევამ. მისი თქმით, მისი სამთავროს მონასტრის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება დედა ქეთევანმა მიიღო. ინციდენტის შემდეგ დედა პარასკევა ნათესავებთან ცხოვრობდა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები