დიდ ბრიტანეთში ქართულმა ღვინომ მოწონება დაიმსახურა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიის პროდუქცია ქალაქ ლონდონში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა Raw Fair-ზე იყო წარმოდგენილი. ორდღიანმა გამოფენამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150-მდე ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებელ კომპანიას უმასპინძლა.
საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობდნენ ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „ხოხბის ცრემლები”, „ალექსი ციხელიშვილის ღვინის მარანი”, „ღვინის აკვანი”, „ჯაყელის ღვინო”, „ზაზა გაგუას ღვინის მარანი”, „ოქროს ჯგუფი”, „ნაოტარი”, „კოსტას საოჯახო ღვინის მარანი”, “Viniveria”, “ნიკას ღვინის მარანი”, „თემი”, „დავით ჩიხლაძის მარანი”.
ქართულმა ღვინოებმა გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ლონდონის გამოფენას სტუმრობდნენ ღვინის მწარმოებლები, იმპორტიორები და ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები. მსგავს გამოფენებში მონაწილეობა ქართულ ქვევრის ღვინოს უფრო ფართო მასშტაბით წარმოაჩენს და უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, ისინი მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლობმა საერთაშორისო დონეზე გაიცნონ. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა UNESCO-ს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებამ, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები