აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები: ყოვლად გაუმართლებელია ბავშვების გარევა პოლიტიკაში 

მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს, აუტიზმის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლების მრავალწლიანი ბრძოლისა და მცდელობის შემდეგ, 2018 წლის 12 სექტემბერს სახელმწიფომ უსასყიდლოდ გადასცა მიწის ნაკვეთი, რომელზეც ევროპული სტანდარტების, მაღალფუნქციური სარეაბილიტაციო ცენტრი „პეგასი“ აშენდება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის წარმომადგენელმა ქრისტინა ზამბახიძემ, “მშობელთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელმა ეკა მაისურაძემ, შშმ ბავშვის მშობელმა ქეთევან ღვალაძემ და „მზის შვილების“ დამფუძნებელმა ინგა ლოლაძემ ისაუბრეს.
მათი თქმით, მშობელთა გარკვეული წრის მიერ მოხდა სახელმწიფოს მიერ გამოჩენილი კეთილი ნების პოლიტიზება და მიწის ნაკვეთის ფონდის საკუთრებაში გადაცემის დღიდან, ფონდის დამფუძნებლებისა და თანამშრომლების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში მიმდინარეობს ბინძური კამპანია, რომელიც არამხოლოდ ფონდის დამფუძნებელ მშობლებზე, არამედ მათი შვილების ყოველდღიურ ფუნქციონირებაზეც უარყოფითად აისახება.
კერძოდ, როგორც ქრისტინა ზამბახიძემ აღნიშნა, ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი მარი კორკოტაძე და „მაკლეინი საქართველოს“ წარმომადგენელი დიანა ჯანაშია აცხადებენ, რომ მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს მიწა იმიტომ გადასცა, რომ ისინი ხელისუფლების რჩეულები არიან.
როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ცენტრში, რომლის მშენებლობაც იგეგმება, ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი ყველა ის სერვისი, რომელიც აუტიზმის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს სჭირდებათ.
“გუშინ, 12 ნოემბერს, ფონდისა და შშმ ბავშვებისა და მოზარდების პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომელიც შშმ პირების სერვისების გაუმჯობესებასა და მათი სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭირო პრობლემური საკითხების მოგვარებას შეეხებოდა. აღნიშნული საკითხების მოგვარების მიზნით მთავრობის მეთაურმა შესაბამისი დავალება პირადად ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს მისცა.
აღნიშნული განცხადების გაკეთების შემდეგ, ფონდის წინააღმდეგ რამდენიმე თვის წინ დაწყებული კამპანია ახალ ფაზაში შევიდა, განსაკუთრებით, ფარული და ღია ზეწოლა მიმდინარეობს ფონდის დამფუძნებელსა და დირექტორზე, აუტიზმის მქონე ბავშვის დედაზე, ქალბატონ თამარ იარაჯულზე.
გვინდა, საზოგადოების ფართო მასებს მივაწოდოთ ინფორმაცია ფონდის მუშაობის და დღეს მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ყოვლად გაუმართებელია ამ საკითხის პოლიტიზება და ბავშვების გარევა პოლიტიკაში. ჩვენი სურვილია, მოგვეცეს საშუალება, მშვიდ ვითარებაში შევძლოთ, ავაშენოთ ცენტრი, რომელიც ორ ასეულზე მეტ აუტიზმის მქონე ბავშვსა და მოზარდს მოემსახურება“, – განაცხადეს პრესკონფერენციაზე.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები