ლევან დავითაშვილმა ქვემო ქართლში ფერმერებს რეგიონში განხორციელებული პროექტები გააცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქალაქ გორში ფერმერებს შეხვდა. სადაც მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო გეგმებსა და სამინისტროს მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ფერმერებმა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მელიორაციის კუთხით არსებული საკითხები დააყენეს.

მინისტრმა რეგიონში მელიორაციაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წლიდან დღემდე შიდა ქართლის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 54 სარეაბილიტაციო პროექტი, რაშიც ჯამურად  36 მილიონზე მეტი დაიხარჯა. შედეგად კი წყალუზრუნველყოფილია 11 547  ჰექტარი.

ასევე არაერთი პროექტი განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის თვალსაზრისით. კერძოდ, მცირე გაბარიტიანი აგროტექნიკით აღჭურვის პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონში 47 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ღირებულების 24%-ად გადაეცა 65 აგროკომპლექტი და 10 ხელის სათესი. მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი, 6 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 30%-იანი თანადაფინანსებით გადაეცათ 454 სკა. მნიშვნელოვანია რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოს მშენებლობა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ლევან დავითაშვილის თქმით,  სახელმწიფოს მხარდაჭერით, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შეღავათიანი ფინანსური რესურსი. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში გაიცა 1 მილიარდ 240 მილიონი ლარის და 247 მილიონი დოლარის 32,600-ზე მეტი სესხი, რის შედეგადაც, ამოქმედდა 180 ახალი და გადაიარაღდა 880 საწარმო. ძირითადი მიმართულებებია მესაქონლეობა, მემცენარეობა, მეხილეობა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გაშენებულია 5,600 ჰა-ზე მეტი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი. სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობამ 29 მილიონ ლარს გადააჭარბა. პროექტის ამოქმედებით, ამორტიზებული ბაღები განახლდა.

ამასთანავე, ფერმერებს შეუძლიათ ისარგებლონ „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამით“, რომელიც ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა – 60% -ს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აგროდაზღვევის პროექტი ეფექტიანი ინსტრუმენტია სტიქიური მოვლენების შემთხვევაში ზარალის თავიდან ასაცილებლად. სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით მხარდაჭერა ფერმერებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად შეამცირონ ის რისკები, რაც აგრარულ დარგში საქმიანობას ახლავს თან. მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია. 2018 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, გაცემულია 12,170 პოლისი; პროექტში ჩართულია 7,460 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 4,395,237 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 11,432 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება, ჯამში, 84,929,988 ლარია.

ასევე ხორციელდება სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა – „ახალგაზრდა მეწარმე“, რომელიც განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ ბიზნეს საქმიანობის განხორციელება საქართველოში.

შეხვედრა გაიმართა ქალაქ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მხარის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები