ექსკლუზივი: როგორ ჩაუვარდათ ხელში უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებს საქართველოდან გატანილი სარაკეტო დანადგარი?

ქართველმა სამხედროებმა კრამატორსკის სპეცოპერაციის კადრებში
აგვისტოს ომის დროს გატანილი საზენიტო კომპლექსი „გრომი“ ამოიცნეს.

 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ ვიდეოში, სადაც კრამატორსკის სპეცოპერაციის კადრებია ასახული, ქართველმა სამხედროებმა 2008 წლის ომის დროს რუსების მიერ ქართული სამხედრო ბაზებიდან წაღებული შეიარაღება ამოიცნეს. სამხედროები აღნიშნულ კადრებზე “კვირასთან“ ექსკლუზიურად საუბრობენ და აცხადებენ, რომ რუს ტერორისტებს, რომლებიც კრამატორსკში სამხედრო აეროდრომის შტურმისთვის ემზადებიან, თან აქვთ პოლონური წარმოების გადასატანი სითბური დამიზნების საზენიტო სარაკეტო კომპლექსი GROM-E2, რომელიც ქართველი სამხედროების მტკიცებით, 2008 წელს რუსების მიერ, სავარაუდოდ, გორის და სენაკის ბაზებიდან სხვა შეიარაღებასთან ერთად წაიღეს.
10300875_743425522369317_8596461359923084025_nსამხედრო ექსპერტები „კვირასთან “ ქართველი ჯარისკაცების განცხადებებს საფუძვლიანს უწოდებენ და აცხადებენ, რომ რუსების მიერ 2008 წლის ომის დროს სამხედრო ბაზებიდან, ასევე კოდორიდან წაღებულ შეიარაღებაში საზენიტო სარაკეტო კომპლექსი GROM-E2-იც მოხვდა. ექსპერტ გიორგი თავდგირიძის თქმით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი GROM-E2, რომელიც პოლონური წარმოების ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს, ქართულმა მხარემ აგვისტოს ომამდე პოლონეთიდან დიდი ოდენობით შეისყიდა. მისი თქმით, მსგავსი კომპლექსი არც უკრაინის და არც რუსეთის არმიების შეიარაღებაში არ არის და მაღალი ალბათობით რუსი სეპარატისტები სწორედ საქართველოდან გატანილი კომპლექსით მოქმედებენ. ექსპერტის შეფასებით, ეს ფაქტი რუსეთის სახელმწიფოს სეპარატისტებთან პირდაპირ კავშირში ამხელს.
„GROM –E2 პოლონური წარმოების გადასატანი სითბური დამიზნების საზენიტო – სარაკეტო კომპლექსია, რომელიც, თავის დროზე, საკმაოდ დიდი ოდენობით შეისყიდა ქართულმა მხარემ. აღნიშნული დანადგარები სხვადასხვა ქართულ ბაზაზე, ასევე კოდორში იყო განთავსებული. 2008 წლის ომის დროს რუსებმა, სხვადასხვა სახის შეიარაღებასთან ერთად, ეს დანადგარები ალაფის სახით წაიღეს. თუ დადასტურდა, რომ სწორედ საქართველოდან გატანილი საზენიტო – სარაკეტო კომპლექსი აღმოჩნდა რუსი სეპარატისტების ხელში, ეს იქნება მტკიცებულება, რომ სეპარატისტებს რუსეთის სპეციალური ქვედანაყოფები ამარაგებენ. რუსეთის მხრიდან ეს იქნება საერთაშორისო სამხედრო დანაშაული, რომ არაფერი ვთქვათ მეზობელი ქვეყნის მიმართ მტრულ მოქმედებებზე. რუსეთის მიერ სეპარატისტების შემთხვევები საქართველოს მაგალითებზეც გვახსოვს. ეს სიახლეს არ წარმოადგენს“, – განუცხადა “კვირას“ გიორგი თავდგირიძემ.
ჟურნალ “არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი “კვირასთან“ იმ გარემოებებს ასახელებ, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება ვარაუდი, რომ რუსი სეპარატისტები სწორედ საქართველოდან გატანილი სითბური დამიზნების საზენიტო – სარაკეტო კომპლექსით აპირებდნენ მოქმედებას.
tavdgiridze“ოფიციალური მონაცემებით, როდესაც საქართველოში რუსეთის 45 სპეციალური დანიშნულების ცალკეული პოლკი შემოვიდა, მათ ალაფის სახით ფოთიდან და გორიდან, სხვადასხვა შეარაღებასთან ერთად, რამდენიმე ერთეული სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი წაიღეს. ამ ინფორმაციას რუსეთი ჯერ კიდევ 2008 წელს ოფიციალურ განცხადებაში ადასტურებდა. თავად უკრაინელები ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ასახელებდნენ, რომ სწორედ რუსეთის 45-ე სპეციალური დანიშნულების პოლკი მოქმედებს აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს ორი ფაქტი ერთმანეთს უკავშირდება და მეტყველებს, რომ არსებობს ძალიან დიდი ალბათობა, რომ მათ სწორედ ეს საზენიტო კომპლექსი „გრომი“ გაიტანეს ფოთიდან და ცხინვალიდან აგვისტოს ომის დროს, ახლა კი უკრაინის ტერიტორიაზე შეიტანეს“, – აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.
ექსპერტები აცხადებენ, რომ რაკეტაზე დატანებული სერიული ნომრით ადვილი დასადგენია, იყო თუ არა კონკრეტულად აღნიშნული GROM –E2 თავის დროზე ქართული არმიის შეიარაღებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც კრამატორსკის სპეცოპერაციის დროს რუსეთის მოქალაქეების დაკავებაა ასახული.
შეგახსენებთ, რომ 18 მაისს უკრაინელმა სამხედროებმა ტერორისტების წინააღმდეგ სპეციალური ოპერაცია ჩაატარეს, რომლებიც ემზადებოდნენ სამხედრო აეროდრომის შტურმისთვის კრამატორსკში, შედეგად უკრაინელმა შეიარაღებულმა ძალებმა ტერორისტების ეკიპაჟი გაანადგურეს. ხოლო რუსეთის ფედერაციის ჟურნალისტები, რომლებიც იმავე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, გადაღების დროს დააკავეს და სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=qvvWfGhu3F0″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები