ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და ომისა და სამხედრო ძალების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცველად გთავაზობთ:
“გვინდა, გამოვეხმაუროთ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისა და მისი შვილების მიმართ განხორციელებული ძალადობის, სიცოცხლის ხელყოფის მუქარის აღმაშფოთებელ ფაქტს. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო დღეებში, მას და მის შვილებს, გაეგზავნათ “ესემეს” ხმოვანი შეტყობინებები, რომლებშიც სიცოცხლის ხელყოფის მუქარა ნათლად იკვეთება. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი განმარტავს, მუქარა რეალურია, რამეთუ მისი ავტორები იდენტიფიცირებულნი არიან – ისინი გახლავთ ყოფილი სამხედროები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ”ნაციონალურ მოძრაობასა” და მის მეთაურთან.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და ომისა და სამხედრო ძალების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია კატეგორიულად ვგმობთ და ვემიჯნებით პრეზიდენტობის ქალბატონი კანდიდატისა და მისი შვილების მიმართ ნებისმიერ ძალადობას, შანტაჟს, მუქარასა და სამხედრო ძალით მანიპულირების მცდელობას.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში დესტაბილიზაციის, სიძულვილისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ, რის აღსაკვეთადაც, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა გზას მივმართავთ. რამეთუ ჩვენ, ვეტერანებმა, ვის მხრებზეც ქვეყნის უახლესი ისტორიის არა ერთმა ომმა და ძმათა შორის დაპირისპირებამ გადაიარა, ყველაზე უკეთ ვუწყით იმ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რის წინაშეც ჩვენი სახელმწიფო დგას”,- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, დღეს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხდა, რომ მასსა და მის შვილებს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან. მისი თქმით, მუქარისშემცველი “ესემესები” ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებული ყოფილი სამხედროების მხრიდან მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები