ატენის სიონის ქვის საკონსერვაციო სამუშაოები დასრულდა

 2018 წელს დასრულდა ატენის სიონის ინტერიერის (ჩრდილოეთის აფსიდი) ქვის საკონსერვაციო სამუშაოები. როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თანამშრომლობის საფუძველზე მიმდინარეობდა, პროექტის ხელმძღვანელი:  ნანა კუპრაშვილი; სარესტავრაციო ჯგუფის ხელმძღვანელი: ალექსანდრე რუბაშვილი;  კონსულტანტი: სტეფანო ვოლტა.
სარესტავრაციო ჯგუფი: ბექა ლომიძე, გიორგი ნავროზაშვილი, ფიქრია ფოცხვერაშვილი, მარიამ მიქელაძე.
ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა ინტერიერში ჩრდილოეთის აფსიდის ქვების ჩაბმას ძირითად კონსტრუქციაზე და ინექტირებას, აფსიდის ქვების კონსერვაციას – ფრაგმენტირებული ქვის დეტალების გაერთიანებას.
ატენის სიონის ინტერიერში, ჩრდილოეთ აფსიდის კონქში, დაზიანებული სახურავიდან მუდმივი წყლის ინფილტრაციისა და დუღაბის ჩამორეცხვის შედეგად, კონქში არსებული ქვები მოცილდნენ საფუძვლის ფენას, რის შედეგადაც გაჩნდა მათი ჩამოვარდნის რისკი. ამიტომ განხორციელდა მათი ძირითად კონსტრუქციაზე ჩაბმის სამუშაოები, უჟანგავი ლითონის ანკერებითა და ორკომპონენტიანი ეპოქსიდური რეზინის გამოყენებით.
წინასწარ გამოკვლეულ ადგილებში საინექციო ხვრელების დატანის შემდეგ ჩატარდა ინექტირების პროცესი, რაც ჰიდრავლიკური კირისა და პოცოლანის ხსნარის შეშვებით მიმდინარეობს. ტაძრის დასავლეთ კონქში, დუღაბის არარსებობის გამო, ერთმანეთზე მიჯრით მდგომი საპირე წყობის ქვები ერთმანეთზე იწვევდნენ კონსტრუქციულ დაწოლებს, რის შედეგადაც ზოგიერთ კვადრს აღენიშნებოდა ძლიერი ფრაგმენტიზაცია, რის გამოც დაძრული ადგილების დემონტაჟი, მათი დამუშავება და ეპოქსიდური რეზინით ავთენტურ ადგილას დაბრუნება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები