თბილისის მერია: ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის საკეთილდღეოდ და არა საზოგადოების გასახლეჩად

თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე მოვლენებში თბილისის მერიის წერილს არასწორი ინტერპრეტაცია და პოლიტიკური სპეკულაცია მოჰყვა.
“გვინდა, გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებს, რომელიც პოლიტიკოსებისა და მედიის მხრიდან არაერთგვაროვნად შეფასდა. სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენებში თბილისის მერიის წერილს არასწორი ინტერპრეტაცია და პოლიტიკური სპეკულაცია მოჰყვა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დეკემბერში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს არავითარი კავშირი არ აქვს რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გავასაჯაროოთ და განვმარტოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაგზავნილი წერილი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებისადმი.
მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს, თბილისის მერიას წერილით მიმართეს აქციის ორგანიზატორებმა. მოთხოვნა შეეხებოდა საპროტესტო აქციების 31 დეკემბრამდე გაგრძელებას. თბილისის მერიის ადმინისტრაციამ, კანონით გათვალისწინებულ სამი დღის ვადაში, საპასუხო წერილით აცნობა აქციის ორგანიზატორებს დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და თხოვნით მიმართა მათ, გაეთვალისწინებინათ აღნიშნული გარემოება. მოგეხსენებათ, თბილისში, პარლამენტის წინ ყოველწლიურად, ტრადიციულად, იმართება საახალწლო ღონისძიებები. თბილისის მერიას არ აქვს არავითარი უფლებამოსილება, აუკრძალოს ან ნება დართოს აქციის მონაწილეებს, განათავსონ კარვები. შესაბამისად, მერიის თხოვნის გათვალისწინება არის მერიაში შემოსული წერილის ავტორების, ამ შემთხვევაში, აქციის ორგანიზატორების პრეროგატივა.
დედაქალაქის მერია იცავს კანონს და მოსახლეობის ინტერესებს. თბილისში ყოველთვის ტარდება სხვადასხვა სახის შეკრებები და მათთვის დედაქალაქის მთავრობა არასდროს ყოფილა ხელის შემშლელი. მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლებს, ნუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ პროცესს პოლიტიკური მიზნებისთვის და ნუ შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში.
თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის საკეთილდღეოდ და არა საზოგადოების გასახლეჩად და ადამიანების დასაპირისპირებლად”, -აღნიშნულია განცხადებაში.

ზ.სარალიძის განცხადება (1)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები