დავით გარეჯს „ევროპა ნოსტრას“ ექსპერტები ესტუმრნენ

დავით გარეჯის საკონსერვაციო მეთოდოლოგიასა და მართვის სამოქმედო გეგმას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო „ევროპა ნოსტრას“, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავებს.
როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობის საფუძვლიან შეფასებას და მისი გადარჩენის სამომავლო სტრატეგიის შემუშავებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ევროპის დარგობრივ და ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად იწყებს.
ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასაჯანაღებლად საკონსერვაციო //მეთოდოლოგიისა და მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ქართველ სპეციალისტებთან ერთად „ევროპა ნოსტრას“ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
კომპლექსის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებისა და მისი სტრუქტურული პრობლემების გადაჭრის გზების შესამუშავებლად „ევროპა ნოსტრას“ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის სპეციალური ჯგუფი საქართველოს უკვე სტუმრობს.
4-დღიანი მისიის ფარგლებში „ევროპა ნოსტრას“ ვიცე-პრეზიდენტმა პიტ ჯასპაერტმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის ექსპერტმა კამბელ ტომსონმა და „ევროპა ნოსტრას“ კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო საბჭოს წევრმა გაიანე კასნატმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე (იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, ლავრა, უდაბნოს მონასტერი, დოდორქა, საბერეები) პრაქტიკული სამუშაოები უკვე განახორციელეს. სააგენტოს მიერ მოწვეული დარგის საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებით დადგინდა დავით გარეჯის ძეგლებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებელი სათანადო მეთოდოლოგიაც, რომელიც დღეს კულურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ფართო სამეცნიერო წრეების განხილვის თემაც გახდა.
ევროპული ორგანიზაციების დელეგაციას საქართველოს კულტურული მემკვირეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და საქართველოში ევროპა ნოსტრას წარმომადგენელი – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი მასპინძლობს. სწორედ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარდგინებითა და ინიციატივით შევიდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი „ევროპა ნოსტრას“ პროგრამის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის 2018 წლის ნუსხაში, რაც ევროპული ქართული კულტურის უნიკალური ძეგლისთვის ევროპული ორგანიზაციების მხრიდან გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საერთაშორისო საექსპერტო რეკომენდაციებისა და საგრანტო ფინანსური რესურსის მოძიებას ითვალისწინებს.
დავით გარეჯი, როგორც გამორჩეული მნიშვნელობისა და კულტურული ღირებულების ძეგლი ევროპული ორგანიზაციების მიერ მის წინაშე მდგარი დაზიანებების გარდაუვალი საფრთხის საფუძველზე შეირჩა. ძეგლის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვან კრიტერიუმად იყო მიჩნეული ადგილობრივი თემების, საჯარო და კერძო დაინტერესებული სუბიექტების ჩართულობა. შერჩევის კიდევ ერთი ასპექტს წარმოადგენდა ადგილობრივი გარემოს მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კატალიზატორად გადაქცევის პოტენციალი.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. იგი მდებარეობს ივრის ზეგანზე, ნახევარუდაბნოში და ოცზე მეტი კლდეში ნაკვეთი მონასტრისა და რამოდენიმე ასეული სენაკისაგან შედგება. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი; 2007 წელს კომპლექსი შეყვანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარ ნუსხაში.
„ევროპა ნოსტრა“ წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციების პანევროპულ ფედერაციას, რომელსაც მხარს უჭერენ როგორც კერძო კომპანიები, ასევე საჯარო დაწესებულებები და ინდივიდები. ორგანიზაცია აერთიანებსევროპის 40 ქვეყანას და მიზნად ისახავს ევროპის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას.
ორგანიზაციის პრეზიდენტია მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი და დირიჟორი პლასიდო დომინგო. პროგრამის „საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლი“ ფარგლებში „ევროპა ნოსტრა“ ახორციელებს ევროპაში განადგურების პირას მყოფი ძეგლების და ლანდშაფტებისგადარჩენის კამპანიას. იგი წარმოაჩენს სფეროს მიღწევებს ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის / „ევროპა ნოსტრას“ ჯილდოს მეშვეობით.
განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა პირველად ჩატარდა 2013 წლის იანვარში ევროპა ნოსტრას მიერ ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან, როგორც თანადამაარსებელთან და ევროპის განვითარების ბანკის საბჭოსთან, როგორც მონაწილე პარტნიორთან თანამშრომლობით. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა არ ემსახურება დაფინანსებას. მისი მიზანია იყოს ქმედების კატალიზატორი და გააძლიეროს „მაგალითის ძალის“ მნიშვნელობა.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტი (EIBI) დაარსდა EIB ჯგუფის (ევროპის საინვესტიციო ბანკის და ევროპული საინვესტიციო ფონდი) ფარგლებში, ევროპული სტეიქჰოლდერებისა და ფართო საზოგადოებისთვის სოციალური, კულტურული და აკადემიური ინიციატივების მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის. ეს არის მთავარი საყრდენი EIB ჯგუფის საზოგადოებრივი და სამოქალაქო ჩართულობისთვის.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ნომინაციის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან მუშაობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტებზე. ცენტრის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა „ევროპა ნოსტრას“ არაერთი ჯილდო მიიღო და ის 2016 წლიდან ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები