ავსტრიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს
ავსტრიაში შეიარაღებული ძალების ყოფილი პოლკოვნიკი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებით დააკავეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის კანცლერი, სებასტიან კურცი, ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთის დაზვერვასა და ავსტრიელ სამხედროს შორის ურთიერთობა 2018 წლამდე გრძელდებოდა.
“სამხედრო კონტრდაზვერვის უწყებამ, საერთაშორისო თანამშრომლობის დახმარებით, ჯაშუშობის ფაქტი გახსნა. ავსტრიის ჯარის გადამდგარი ოფიცერი 1990-იანი წლებიდან დაკავებული იყო ჯაშუშობით და ინფორმაციას რუსეთს აწვდიდა. მის მიმართ აღძრულია საქმე”, – განაცხადა ავსტრიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მიქაელ ბაუერმა.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარინ კნაისლიმ რუსეთის წარმომადგენელი უწყებაში გამოიძახა, ამასთან მან რუსეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.