გია გაჩეჩილაძე: გრიგოლ ვაშაძე რუსული პროექტია, მისი მიზანი ქვეყნის დესტაბილიზაციაა

გრიგოლ ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობა“ რუსული პროექტია, რომელთა მიზანი გამარჯვება და ხელისუფლებაში მოსვლა არ არის. მათი მიზანია ქვეყნის დესტაბილიზაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არავის აქვს უფლება, რისკის ქვეშ დააყენოს ქვეყნის პერსპექტივა და მომავალი.

„წარმოუდგენელი რამ მოხდა საქართველოში, როცა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მოძალადეებს, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანებს დაუჭირა მხარი. დაუჭირა მხარი იმ პარტიას, რომელმაც საქართველოს მთელი ეკონომიკა გადასცა რუსეთ , რომელმაც, ფაქტობრივად, რუსული სამხედრო ბაზების რეანიმაცია მოახდინა საქართველოში და ამით დიდი პრობლემა შეგვიქმნა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20 % ლანგარზე მიართვა მტერს, რუსეთს. ეს გამაოგნებელი რამ იყო. ეს მოხდა, ალბათ, იმიტომ რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც თვლიდა, რომ მმართველი პარტია ისედაც გაიმარჯვებს, არ მივიდა არჩევნებზე. ახლა ძირითადი ამოცანაა ის, რომ საზოგადოება მივიდეს არჩევნებზე და ამ უბედურებას წერტილი დაუსვას. კარგად ითქვა ამ ბოლო ხანებში, რომ წერტილი დაესმება კოჰაბიტაციას, რამაც ეს შედეგი მოიტანა. ისეთი საშინელი საფრთხე, რომელიც ჩვენ გველოდება, აღარ განმეორდება საქართველოში. არავის აქვს უფლება რისკის ქვეშ დააყენოს ქვეყნის პერსპექტივა და მომავალი“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.
„არავისთვის აღარ არის საიდუმლო , რომ გრიგოლ ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობა“ რუსული პროექტია, რომელთა მიზანი გამარჯვება, ხელისუფლებაში მოსვლა არ არის , მათი მიზანია ქვეყნის დესტაბილიზაცია. თავადაც აღარ მალავენ ამას, თავის პრესკონფერნეციებით აფიქსირებენ, რომ გამოიყვანენ 100 ათას კაცს, აურევენ ქვეყანას და ა.შ. რუსი „პიარშიკები“ ჰყავთ ჩამოყვანილი, ყველამ იცის, ესენი ვინ არიან, პუტინის ხალხი რომ არიან. ცნობილია გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიაც. ყველაფერი ნათელია საზოგადოებისთვის.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს რუსეთს რა ინტერესები აქვს და რატომ შემოაგდო ასე ღიად, 2008 წლის ომის დროს ტანკებით შემოვდა საქართველოში რუსეთი , დღეს პოლიტიკურ არენაზე შემოდის უკვე ღიად. ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოში ხორციელდება ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური პროექტები. მაგალითად,  2019 წლის დასაწყისში ექსპლუატაციაში შევა ახალი გაზსადენი, რომელიც პირდაპირ ევროკავშირთან დააკავშირებს აზერბაიჯანის საბადოებს, 2020 წლისთვის დაგეგმილია უზარმაზარი პროექტები გაზსადენების მშენებლობისა, ახლა გაიხსნა ახალი შესაძლებლობა თურქმენეთიდან კასპიის ზღვის გავლით თურქმენეთის უზარმაზარი გაზის რესურსების ევროკავშირში მიწოდების, რუსეთის მთელი ეკონომიკა დამყარებულია გაზის და ნავტობის ექსპროტზე, ისედაც კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ , მათთვის ეს პროექტები ძალიან პრობლემატურია, გარდა ამისა, მოგეხსენებათ, საქართველოში გაზსაცავის მშენებლობაა დაგეგმილი, ეს არის ენერგოუსაფრთხოების საკითხი და ა.შ. რუსეთს იმდენი პოლიტიკურ შესაძლებლობა არ აქვს, რომ ჩაერთოს კიდევ ერთ კონფლიქტში, მისი გეგმა არ არის სამხედრო ინტერვენცია საქართველოში, მისი გეგმაა პოლიტიკური დესტაბილიაზაცია ქვეყნის. ეს პროექტები ჯდება მილიარდები და დესტაბილიზაციის პირობებში აქ ეს პროექტები ჩაიშლება. გრიგოლ ვაშაძე, სააკაშვილი და სხვები არიან მეხუთე კოლონა, რუსეთის რბილი ძალა, რომელთა საშუალებით საქართველომ, შესაძლოა, თავისი განვითარება დაამთავროს“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთის პროექტია, ამასთან დაკავშირებით გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია.
„ეს რუსეთის პროპაგანდის ტექნოლოგიაა, დაგაბრალონ ის, რისი მატარებლებიც თავად არიან, სალომე ზურაბიშვილი არის საფრანგეთში გაზრდილი დიპლომატი, ორი უდიდესი ჯილდო აქვს მიღებული საფრანგეთის სახელმწფოსი, მონაწილეა რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანისა საქართველოდან. ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ ეს თავისთავად მოხდა“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის, შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები