ტაჯიკეთის ციხეში ბუნტის დროს სამართალდამცველებმა 13 პატიმარი ჩაცხრილეს
ტაჯიკეთში, ხუჯანდეს კოლონიაში მომხდარი ბუნტის დროს სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 13 პატიმარი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას “РИА Новости” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“РИА Новости”-ის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პატიმარმა, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრი იყო, ბადრაგების განიარაღება შეძლო და ციხის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც, ბუნტის მონაწილეებმა კოლონიის ერთ-ერთი კორპუსი დაიკავეს.
როგორც ცნობილია, პატიმრები ცივი იარაღებით იყვნენ აღჭურვილი. ზოგიერთმა მათგანმა ციხიდან გაქცევა მოახერხა. მომხდარი აჯანყება პოლიციის სპეცრაზმმა ჩაახშო.