სოფიო ქაცარავა: ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის სიკეთე, რაც „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს” გააჩნია

„ჩვენ დიდ ბრიტანეთთან განსაკუთრებით ახლო და მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს, რაც გამოიხატება მათი მხრიდან სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერაში საქართველოს მიმართ. ამ ურთიერთობებს ამყარებს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი”, რომელიც არის ჩვენი ხალხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი”,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ განაცხადა.
ქაცარავას განცხადებით, დიალოგში ჩართულია როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების შტოები, რაც, მისი თქმით, კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყენებს ფორმატის მნიშვნელობას.
“დიდი ბრიტანეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს. მათ განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს ქვეყანაში რეფორმების განხორციელებაში, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ კონტექსტში. ისინი კარგად აცნობიერებენ საქართველოში არსებულ ვითარებას. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მაღალ დონეზე წარმოჩენაში დიდი ბრიტანეთს როლი ფასდაუდებელია. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის სიკეთე, რაც გააჩნია „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს” და ამისთვის მზად ვართ ყველა საჭირო ნაბიჯისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა პოსტ-ბრექსიტის პერიოდში, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ჩვენს ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
თბილისში, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” მე- 5 შეხვედრა, მიმდინარეობს.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს მთავრობას შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება. ასევე, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბრიტანულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები