იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარ ნავანეთემ პილეის შეხვდა. როგორც „კვირას“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, საუბრის მთავარი თემები იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი; ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში, განსაკუთრებით კი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება; საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია; სასამართლო რეფორმის პირველი და მეორე ტალღა; სისხლის სამართლის რეფორმები.
იუსტიციის მინისტრმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს მიერ გატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმების შესახებ. თეა წულუკიანმა ისაუბრა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმაზე. მან ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს ბოლო პერიოდში ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
„ქალბატონი ნავანეთემ პილეი დარჩა კმაყოფილი იმ მასშტაბური რეფორმებით, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ ბოლო 18 თვის განმავლობაში განახორციელა; მათ შორის, სასამართლოს დეპოლიტიზაციის კუთხით, იქნებოდა ეს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა თუ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმა. გაერო-ს უმაღლესი კომისარი დარჩა შთაბეჭდილებების ქვეშ, რადგან ჩვენ დაწყებული გვაქვს და ვამთავრებთ პროცესს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდის დახმარების მეშვეობით ხორციელდება ჩვენს სამინისტროში“, − განაცხადა მინისტრმა. ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი კომისარი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სახალხო დამცველს, სასჯელაღსრულების მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.
ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისარი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს. გაერო-ს უმაღლესი კომისრის ვიზიტი საქართველოში 21 მაისს დასრულდება.