სიმონ ნოზაძე უზბეკეთის არარეზიდენტ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე და მეგობრობის ჯგუფის წევრები უზბეკეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ ელჩს საქართველოში, შერზოდ ფაიზიევს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ორ ქვეყანას შორის როგორც საპარლამენტო, ასევე, სამთავრობო დონეზე ურთიერთობის გააქტიურებას და ამ მიმართულებით სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებს დაეთმო.
„უზბეკები დაინტერესებული არიან ჩვენი ქვეყნის გამოცდილებით სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ტურიზმი, ღვინის წარმოება, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობები და სხვა. გამოითქვა სურვილი ერთობლივი საწარმოების შექმნის თაობაზეც, რაც უზბეკური პროდუქციის საქართველოში გადამუშავების შესაძლებლობებს გააჩენს, რომლებიც შემდგომ მსოფლიო ბაზარზე გავა”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სიმონ ნოზაძემ.
როგორც უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისათვის” თავმჯდომარემ, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, მათი ჯგუფი ტაშკენტსა და თბილისს შორის ავიაკავშირის დამყარების ინიციატივით გამოვიდა, რაც ბიძგის მიმცემი იქნება არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებისათვის, არამედ ბიზნესის განვითარების თვალსაზრისითაც იქნება მნიშვნელოვანი.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა საკმაოდ მცირეა – 80 მლნ აშშ დოლარი და ეს არის მესამედი იმ პოტენციალის, რაც ამ ქვეყნებს გააჩნიათ. ავიაკავშირის განვითარება ბიძგს მისცემს, რომ ეს პოტენციალი იყოს ათვისებული”, -განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
მისი თქმით, ამ საკითხით დაინტერესება უზბეკეთის მხარემაც გამოხატა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებითაც განვითარდება და კიდევ უფრო გააქტიურდება.
სიმონ ნოზაძემ, საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობის სახელით, უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაცია საქართველოში მოიწვია. საქართველოს პარლამენტის უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, საპარლამენტო კავშირების განმტკიცება ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურს გახდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები