ზაზა ხუციშვილი: გრიგოლ ვაშაძე ისეთივე მატყუარაა, როგორი მატყუარაც მიხეილ სააკაშვილია

“გრიგოლ ვაშაძე ისეთივე მატყუარაა, როგორი მატყუარაც მიხეილ სააკაშვილია” , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა ხუციშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზაზა ხუციშვილის თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის გეგმა არეულობის და ქაოსის გამოწვევაა.
„დოიჩე ველეზე” გავიდა გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუ, სადაც მან პირდაპირ, ღიად განაცხადა იმ გეგმის შესახებ, რომელიც აქვს თეორიულად, გამარჯვების შემთხვევაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს და საქართველოს მოსახლეობა საბოლოო ჯამში, სწორ არჩევანს გააკეთებს. ვაშაძე უკვე აცხადებს იმას, რომ ოპოზიციის ლიდერი იქნება და აპირებს ქუჩაში 50-100 ათასი კაცის გამოყვანას“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, ვაშაძეს საკუთარი დაპირებების შესასრულებლად, ბერკეტები არ აქვს და ის ამომრჩევლებს ატყუებს.
„400-ლარიანი პენსია ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენ 1 იანვრიდან 20 ლარს ვამატებთ, შემდეგი წლის 1 იანვრიდან კიდევ 20 ლარს. ეს თითოეული მატება ბიუჯეტისთვის არის დაახლოებით 200 მილიონი ლარი. ვაშაძის ტყუილი არის 2-მილიარდიანი ტყუილი. ანუ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს შეხება არ აქვს პენსიებთან. მისი გეგმა არის ხელისუფლების მიმართ არეულობის და ქაოსის გამოწვევა, იმიტომ, რომ პარლამენტის დათხოვნის ბერკეტები არ გააჩნია.
2020 წლის არჩევნების შემდეგ, თეორიულად თუ კიდევ მოვლენ ხელისუფლებაში, ეკონომიკას ისე როგორ გაზრდის, რომ 2 მილიარდი მარტო პენსიისთვის გამოათავისუფლოის. ეს ადამიანი არის ისეთივე მატყუარა, როგორი მატყუარაც არის მიხეილ სააკაშვილი . ამ ადამიანმა არჩევნების წინ იკადრა ის, რაც ქართულ პოლიტიკაში არ ყოფილა, მან გააყალბა და არასწორად გამოიტანა პატრიარქის სიტყვები, შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. ამ ადამიანის ნდობა თუ კიდევ ვინმეს აქვს, მე არ ვიცი, მათ რა პასუხი უნდა გავცე. ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, რასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს ერთ მხარეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელმაც ჩაწერა 26 000 პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, რომელმაც 2-ჯერ თუ 3-ჯერ ქუჩაში სისხლით ჩაახშო ქუჩაში მშვიდობიანი მომიტინგეების აქცია, დახოცა ქუჩაში უამრავი ადამიანი , ეჭვმიტანილები, რაც წარმოუდგენელი დანაშაული იყო, მოსპო სიტყვის თავისუფლება, გადაუარა “ტელეიმედს”, გაძარცვა ბადრი პატარკაციშვილი და ა.შ.
მეორე მხარეს რა არის – ვთქვათ, დავუშვათ, ბევრი შესრულებული და შეუსრულებელი დაპირება.ჩვენ ვაცნობიერებდით, რომ ეკონომიკური მდგომარეობა როგორიც გვინდოდა, როგორც სუბიექტური, ასევე, ობიექტური მიზეზების გამო, არ შედგა და ხალხს უჭირს. ჩვენ იდეალური მთავრობა ნამდვილად არ ვართ და არის ის საკითხები, რომელიც უკეთესად შეიძლება წარიმართოს, მაგრამ, გლობალური ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენს რეგიონში არის საკმაოდ მძიმე და ეკონომიკური ზრდა ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს აქვთ მცირე. ამ ფონზე, საქართველოს განსაკუთრებული პროგრესი ვერ ექნება“,- განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები