ირაკლი სესიაშვილი: დიქტატურა საქართველოში აღარ დაბრუნდება

“დიქტატურა საქართველოში აღარ დაბრუნდება”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი წერს.
სესიაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს იხსენებს და ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“ყველას ჩვენი წილი 7 ნოემბრის ისტორია გვაქვს.
აქამდე, არასდროს მომიყოლია ჩემი ამბები, მაგრამ ვეცდები, აქ გაგიზიაროთ 2007 წლის ამ ძალიან მძიმე დღესთან დაკავშირებული ჩემი ემოციები.
როცა შესაბამისმა სპეცდანიშნულების რაზმებმა ფაქტობრივად, ალყა შემოგვარტყეს, პირველი რეაქცია ეს იყო უსამართლობის განცდა – თუ რატომ უნდა გცემოს საკუთარმა ხელისუფლებამ, მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლება და ქვეყანა გიყვარს. უკვე შეტევაზე (ზუსტად ასე ჰქვია ამას) რომ გადმოვიდნენ შეიარაღებული ქვედანაყოფები, ერთდროულად გამოიყენეს ყველა სპეცტექნიკა და იარაღი. იმდენად არაპროპორციული იყო ძალა, რომ დაშლისთვის ორიენტაციაც კი დავკარგეთ. მახსოვს, თვალებს რომ ვეღარ ვახელდი, უცნობ ახალგაზრდას მხარზე ხელი დავადე და ბრმად გავყევი.
რუსთაველის ქუჩას ზემოდან შემოვუარეთ და ოპერასთან ასეთ სცენას შევესწარი – საშუალო ასაკის ქალი როგორ ურტყამდა ქოლგას პატრულის მანქანას, რომლის ეკიპაჟს რეაქცია არ ჰქონდა , რადგან თავადაც კარგად ხვდებოდა, რომ უკანონო ბრძანებას ასრულებდა.
მახსოვს რიყის აბსოლუტურად გაუმართლებელი დარბევა და კიდევ ერთი ეპიზოდი – გამწარებულ ხალხს როგორ ჩაუვარდა ხელში ერთი ჯარისკაცი. კი, აგრესია იყო, თუმცა ბოლოს მას მაინც ისევ ხალხი გადაეფარა.
“იმედში” შესვლას აღარ გავიხსენებ, იქ ცალკე ფრონტი იყო გახსნილი. ბოლოს, სოზართან (მაშინ სახალხო დამცველი იყო) შევიკრიბეთ. მახსოვს, სოზარმა, რომელიც თავად დაზარალდა ამ აქციის დარბევის დროს, მხოლოდ ერთი რამე გვითხრა – ეს დიქტატურაა. დღეს, როცა ბევრი თავგამოდებული “დემოკრატის” შეფასებებს ვიხსენებ, სამწუხაროდ, მათი ეს თავდადება ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ დღეს არ მახსენდება, სამაგიეროდ, კარგად შემორჩა ჩემს მეხსიერებას დღევანდელი თუ მაშინდელი ზოგიერთი “ენჯეოშნიკი”, რომელიც ან დამრბევლების მხარეს იყო, ან კიდევ იმის სითამამე არ ეყო, უშუალოდ ადგილზე გასულიყო და საკუთარი მოვალეობა შეესრულებინა.
მე კი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ვაჟკაც და გულანთებულ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად დაიცვეს ყველა ჩვენგანის სამოქალაქო უფლებები და რაც მთავარია, ჩვენი თავისუფლება.
პ.ს. დიქტატურა საქართველოში აღარ დაბრუნდება, ისევე, როგორც მაგალითად, ფაშიზმი ევროპაში”, – წერს ირაკლი სესიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები