“სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ”

„ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი მუდამ იყო და არის ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას.
” ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით. მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. აქ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საყოველთაო ჯანდაცვის და დაზღვევის სისტემა მინდა გამოვყო, მაგრამ რაც შეეხება ჩვენი სოციალური დაცვის პოლიტიკას, ამ ნაწილში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გვექნებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ბავშვი, რომელსაც სახელმწიფოსგან განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდება. ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ ბავშვთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით დღემდე არსებული სისტემა არის შესაცვლელი და იუნისეფის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ახალი სისტემა. შესაბამისად, ეს იქნება ასახული უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში. შემოგვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე- სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას. 50 ლარამდე ავწევთ ამ სოციალურ მხარდაჭერას, შესაბამისად აღნიშნული ინიციატივა შეეხება ჩვენს 140 ათასამდე ბავშვს. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწორედ ბავშვები ყველაზე მეტად იყვნენ დაცული ჩვენს საზოგადოებაში, მათ ჰქონდეთ განვითარების თანაბარი პირობები და ღირსეული პირობები. ბუნებრივია, აღნიშნული ინიციატივა შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩვენი პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთ ეტაპზე, შესაბამისად ეს გახდება ჩვენი ბიუჯეტის ნაწილი, დარწმუნებული ვარ ჩვენი კოლეგები პარლამენტში ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები