ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დაიწყო
საქართველოს თავდაცვის უწყება „ნატო-საქართველოს სწავლებას 2025“ მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება ოფიციალურად კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა, პოლკოვნიკმა ბერატ ტელიმ სწავლების დაწყება მასში მონაწილე ქართველ და უცხოელ სამხედროებს მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას მათ სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს აღსრულების პროცესში წარმატებები უსურვეს.
სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა (SNGP) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ნატო-საქართველოს სწავლებების ციკლში ეს უკვე რიგით მეოთხე სწავლებაა, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ საქართველოში იმართება. „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ კომპიუტერული მხარდაჭერით ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომლის მიზანს კრიზისული ოპერაციების დაგეგმვასა და აღსრულებაში, ქართული მხარის ხელმძღვანელობით, მრავალეროვნული ბრიგადის დონის ქვედანაყოფის წვრთნა წარმოადგენს. სწავლებაში მრავალეროვნული შტაბის წვრთნასთან ერთად ინტეგრირებული იქნება საველე კომპონენტი, რაც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს JTEC-ის შესაძლებლობებს მართვისა და კონტროლის მიმართულებით და ხელს შეუწყობს კოორდინაციის დახვეწას.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ ნატოს ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლესი შტაბისა (SHAPE) და საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მიერ დაიგეგმა და ნატოს მიერ შედგენილი სცენარით, შესაბამისი პროცედურებისა და დოქტრინების დაცვით ტარდება. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 17 ქვეყანა მონაწილეობს. წვრთნაში მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, ბულგარეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ, აზერბაიჯანი, მოლდოვა, სომხეთი და ტუნისი. სწავლებაში ჩართულია რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და ქვედანაყოფი. სწავლებაში ჩართულია ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული 6 ინიციატივა: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), სამხედრო საინჟინრო, სამხედრო პოლიცია, სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, სპეციალური ოპერაციების ძალები და სტანდარტიზაცია და კოდიფიკაცია.
„ნატო-საქართველოს სწავლების“ ფარგლებში პარტნიორების მიერ განხორციელდება სპეციალური ოპერაციების ბატალიონის შტაბისა და მეკავშირე ელემენტის, სამხედრო პოლიციის ბატალიონის შტაბისა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების, ფეთქებადსაშიში საგნების გაუვნებელყოფის (EOD), სამხედრო სამედიცინო ასეულის (ROLE2F) და პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის შესაძლებლობების შეფასება.