შიხიაშვილი: თუ გაიმარჯვებს „ნაცმოძრაობა“, ის ყველაფერს გააკეთებს სამოქალაქო დაპირისპირების შესაქმნელად

კიდევ ერთხელ უნდა დამარცხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ამბიციები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე არ მოვერიდები ამ სიტყვას, მოხდება სამოქალაქო დაპირისპირების ესკალაცია, ამაზე წავა „ნაციონალური მოძრაობა“ , – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა , თბილისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ არ უნდა გაიმარჯვოს.
„დღეს განვითარებული მოვლენები არ არის სიურპრიზი ჩემთვის. ძალიან სავალალო შეცდომებს უშვებდა „ქართული ოცნება“. მისი საარჩევნო კამპანია არ იყო სწორად დაგეგმილი. სანამ სალომე ზურაბიშვილს მხარს დაუჭერდა მმართველი პარტია, ძალიან დიდი დროის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა და ეს პერიოდი კარგად გამოიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სალომე ზურაბიშვილის მარგინალიზაციისთვის. როცა უკვე „ოცნება“ ჩაერთო, როგორც მხარდამჭერი, უკვე ძალიან ბევრი ნეგატივი იყო ამ ქალბატონის გარშემო შექმნილი.
კანდიდატს, რომელსაც მართლა აქვს ევროპულ სამყაროში მიღებული ცოდნა, განათლება, მენტალიტეტიც ჩამოყალიბებული აქვს იმ სამყაროში, მას ყველაზე მეტად შეარქვეს რუსეთუმე. გრიგოლ ვაშაძის ისტორიას რომ გადახედოს ვინმემ, კითხვები არ უნდა უჩნდებოდეს, ვინ არის რუსეთუმე.
„ოცნებამ“ უნდა გადახედოს ერთ რამეს – აპირებს, თუ არა თავის დანაპირებების შესრულებას.
თუ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას არ ეტყვის გრძელვადიან გეგმას, მკაფიოდ გასაგები ენით არ დაანახებს გვირაბს იქით სინათლეს, რომელსაც დაიჯერებს ხალხი, ის ისტერია, რაც შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძნელი გადასალახი იქნება.
თუ გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობა“, ის ყველაფერს გააკეთებს სამოქალაქო დაპირისპირების შესაქმნელად ოღონდ შეეცდება და დიდი ეჭვი მაქვს, მოახერხებს, ეს დაბრალდეს „ოცნებას“.
გეტყვით ასეთ სცენარს, დავფიქრდეთ: წარმოიდგინეთ, საქართევლოში თვითმფრინავით ჩამოფრენილი შეწყალებული სააკაშვილი, რომელსაც ეგზალტირებული 50 000-კაციანი მიტინგი დახვდება, სააკაშვილი სახლში ჩემოდნების ამოსალაგებლად წავა? არა, ის ჩაუდგება სათავეში და შეიძლება სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილს მიადგეს, გზაში თითოეულმა მოქალაქემ 2-2 ქვა რომ ჩაიდოს ჯიბეში, გაჩნდეს დაპირისპირება, ამ სიტუაციას გარიდებულ ივანიშვილი პირველი ყიჟინა იქნება ამათთვის, რომ აი, გავაქციეთ ოლიგარქი. შემდეგ დიაძრას კანცელარიისკენ, მოკიდა ყურში ხელი იქ მყოფ ადამიანებს და გამოიყვანა გარეთ ყველა. შემდეგ, პარლამენტში მივიდა. ბოლოს, გამოაცხადებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, გამარჯვების ტალღის ქიმზე მყოფს, დიდი ალბათობით, შეუძლია 60-65 %-იანი მომხრეების რაოდენობით შევიდეს პარლამენტში. მერე დაიწყება რეჟიმი, რომელსაც ვეღარ გამოვცვლით“, – განაცხადა შიხიაშვილმა.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები