გრიგოლ ვაშაძე: ლევან ბერძენიშვილის მონაწილეობით მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, არასოდეს ვთვლიდი მას ჯაშუშად

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ის “რესპუბლიკური პარტიის” წევრს, ლევან ბერძენიშვილს ჯაშუშად არ თვლიდა და ფიქრობს, რომ პირიქით, მან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენაში.
„მე არასდროს არ ვთვლიდი ბატონ ლევან ბერძენიშვილს არავის ჯაშუშად და ვთვლიდი ადამიანად, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი ეროვნულ მოძრაობაში, რომლის უშუალო მონაწილეობით ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც მას ვუთხარი პირადად, ჯერ პირად შეხვედრაზე, მერე პირადად დავადასტურე. ეს სამწუხარო ინციდენტი ამოწურულია. დღეს არის მხარდაჭერის, გაერთიანების დრო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმისთვის რომ მოხდეს იმ მახინჯი სისტემის დემონტაჟი, რომელიც ბადებს ერთპიროვნულ ან ერთპარტიულ მმართველობას და „რესპუბლიკური პარტიის“ მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოთხ ნოემბერს, ქუთაისში მექნება გამოსვლა, სადაც ჩვენ ვილაპარაკებთ იმ რეფორმებზე, რომელიც სასწრაფოდ არის გასატარებელი და რომლის დიდი ნაწილი “რესპუბლიკურ პარტიასთან” უკვე შეთანხმებულია. არის დიდი ნაწილი, რომელზეც “რესპუბლიკური პარტიის” ექსპერტიზა გვჭირდება და ამ საკითხების განხილვა ჯერ არ დაგვიმთავრებია. მაგრამ ძალიან ბევრი საკითხი უკვე შეთანხმებული გვაქვს სხვა პარტიებთან და ორშაბათს, დიდი ალბათობით, დამატებით ინფორმაციას მიიღებთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებთან კონსულტაციები დღეს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ „რესპუბლიკელებმა“ განაცხადეს, რომ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ მხარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები