დარიალის ხეობაში ძლიერი წვიმა და ნისლი სამუშაოებს აფერხებს
საქართველოს რეგიონალური და ინფრასტრუქტურის მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მდინარე თერგმა ალტერნატიულ კალაპოტში დინება დაიწყო, გზა ყაზბეგიდანაც უნდა გაიხსნას. მინისტრის განცხადებით, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებში დამატებითი ტექნიკის ჩართვა მოხდება.
„ალტერნატიული კალაპოტი გაჭრილია და ახლა ამ კალაპოტის გაფართოებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ფერდობის მარჯვენა მხრიდან ასევე სრული ტექნიკის შეყვანაც იგეგმება, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს.
ველოდებით, რომ ჩვენი ინჟინრები წარმოადგენენ იმ გეგმას, რომლის მიხედვითაც საგზაო მონაკვეთიდან ამ ღვარცოფის უმოკლეს ვადაში გატანა უნდა მოხდეს. ამის შემდეგ საპროექტო სამუშაოები დაიწყება, რომელიც განსაზღვრავს, დაახლოებით რამდენი დაჯდება გზის აღდგენითი სამუშაოები“,- განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.