მეორე ტურისთვის შექმნილ „ქართული ოცნების” ცენტრალურ შტაბს კობახიძე, თბილისის შტაბს კი კალაძე უხელმძღვანელებს
პარტიული სტრუქტურების და მხარდამჭერების მობილიზებისთვის, „ქართული ოცნების” ცენტრალური შტაბი და თბილისის ცენტრალური შტაბი იქმნება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ასევე, იქმნება თბილისის ცენტრალური შტაბი, რომელსაც ქალაქის მერი და პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე უხელმძღვანელებს.
“დღეს, მეორე ტურმა შეიძინა აბსოლუტურად სხვა დატვირთვა, საუბარი იყო სახელისუფლებო პარტიის მხრიდან დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერაზე, როცა ჩვენ ვსაუბრობდით პირველ ტურზე, რომელშიც მონაწილეობდა საკმაოდ ბევრი პოლიტიკური ძალის თუ დამოუკიდებელი კანდიდატი. ახლა უკვე აბსოლუტურად შეიცვალა ვითარება და დღეს არის, ასე ვთქვათ, ძალიან პრინციპული პოლიტიკური მეტოქეობა. ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი იმედი მაქვს ყოველგვარი ძალადობისა და დაპირისპირების გარეშე, რომელიც წავა და იქიდან, მხოლოდ და მხოლოდ, მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება, მხოლოდ იმის გახსენება ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუ რა ძალას წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც სახეშეცვლილი ცდილობს, ჰუმანისტის ნიღბის ქვეშ ამოფარებული მოვიდეს, ან შეეცადოს ხელისუფლებაში მოსვლას.
ეს არის ძირითადი არსი, აქედან გამომდინარე, სრული მობილიზება არის აუცილებელი. ჩვენ გავაანალიზეთ ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც მოხდა ის, რაც მოხდა და მათ შორის, უკანასკნელი ადგილი უჭირავს სწორედ „ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილ ამომრჩევლის ნაწილს, რომელიც ადრე უჭერდა მხარს. რომლებიც არიან ნაწყენები, შესაძლოა გაბრაზებულები და ინდიფერენტულები. ჩვენ გვჭირდება, აუცილებლად, ერთიანობით დავანახოთ, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე არ განსხვავდება, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლითაც, ძალიან ახლო მომავალში ცალკეული ადამინების კეთილდღეობის გაუმჯობესებას შევძლებთ და რომ ჩვენ არ ვაფარებთ არც კორუფციას ხელს, არასდროს ეს არ მოხდება, და ჩვენი ჯგუფის წევრობა არ ნიშნავს ინდულგენციას კორუფციასთან მიმართებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი გახლავთ ის, რომ ადამიანი დარჩება „ქართული ოცნების” პრიორიტეტი, როგორც ეს აქამდე იყო.
ყოველდღიურ პოლიტიკურ დაპირისპირებაში აუცილებელია პარტიული სტრუქტურების სრული მობილიზება, ისევე, როგორც ჩვენი მხარდამჭერების”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.