დიმიტრი მედოევი: საქართველოში პრეზიდენტის შეცვლასთან ერთად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არ იცვლება
არჩევნები მეზობელ საქართველოში, საქართველოს შიდა საქმიანობაა და არავითარი კავშირი არ აქვს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან. ამის შესახებ დღეს ე.წ სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა, ჟურნალისტებთან საქართველოში ჩატარებული არჩევნების განხილვისას განაცხადა.
“ჩვენთან გულმოდგინედ აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას, ვინაიდან იქ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება. შემიძლია ვთქვა, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს საქართველოში არჩევნების მეორე ტური, პოლიტიკურ ცვლილებებს სამხრეთ ოსეთზე გავლენა არ ექნება”,- აცხადებს მედოევი.
მისი თქმით, საგარეო პოლიტიკაზე პრეზიდენტის შეცვლა არ იმოქმედებს.
“წინასაარჩევნო დებატებისას, კანდიდატების მხრიდან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ საქართველო ძალას იკრეფს ანტირუსულ და ანტიოსურ პროპაგანდაში, თემა “რუსული ოკუპაცია” ძალიან მოთხოვნადია კანდიდატებისთვის”, – განმარტავს მედოევი.