შს სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორი ბრიტანელმა ექსპერტმა დაათვალიერა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბრიტანელმა ექსპერტმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ჯეიმს მერდოკმა, დროებითი მოთავსების იზოლატორებისთვის სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავების მიზნით, შსს-ს ე.წ. მოდულის შენობაში დროებითი მოთავსების იზოლატორი მოინახულა. მან არსებული ვითარება ადგილზე შეისწავლა და განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დროებითი მოთავსების სხვა იზოლატორების დათვალიერებაც. ვითარების დეტალურად გაცნობის შემდეგ ჯეიმს მერდოკი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ბრიტანელი ექსპერტი პროცედურების დოკუმენტს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად შეადგენს. შემუშავებული სტანდარტული ოპერატიული პროცედურების საფუძველზე, შსს-ს აკადემიაში დაინერგება ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მომზადებისა და გადამზადების სასწავლო პროგრამები. 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
შსს 2014 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „საქართველოს შსს-ს შესაძლებლობათა გაუმჯობესება ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტის დანერგვის გზით“.
პროექტის მიზანია დროებითი დაკავების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა სათანადო პირობების შექმნით, დროებითი მოთავსების იზოლატორების პერსონალისათვის ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზით. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტი ასევე შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებსა და ადვოკატებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=D-PaIKb1OwE&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]