რამაზ ჩანტლაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება

29 ოქტომბერს, 20:00 საათზე, „ბაია გალერეასა” და “ბენე ექსკლუზივის” ორგანიზებით, რამაზ ჩანტლაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფინება მხატვრის ახალი ნამუშევრები, რომლებიც მოიცავენ აბსტრაქციებს, რელიეფურ ფერწერას, ნატურმორტებს, სახვით ენაზე ამეტყველებულ მხატვრულ კონცეფციას, სამყაროს არსისა და ადამიანთა ურთიერთობების მარადიულ პრობლემებს.
რამაზ ჩანტლაძე დაიბადა 1960 წლის 29 ოქტომბერს თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, 1985 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1990 – 94 წ.წ. მოღვაწეობდა შვეიცარიაში, იმავე წლებში სწავლობდა ბაზელში, ასპირანტურაში. საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია 1997 წლიდან. რამაზ ჩანტლაძის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო 1990 წელს თბილისში, შემდეგ წლებში უამრავი გამოფენა გამართა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც.
რამაზ ჩანტლაძე მრავალფეროვანი ხელოვანია მხატვრობაში, მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის გალერეებსა და კერძო კოლექციებში.
მან საინტერესო, ორიგინალური ხედვითა და ინდივიდუალური ხელწერით თავიდანვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, რაც დღეს მის შემოქმედებით სახეს განსაზღვრავს. მისი შემოქმედებითი ძიებები არა მარტო მხატვრული, არამედ შესრულების მანერითა და ტექნიკის ექსპერიმენტებითაა აღსავსე.
ყველა მხატვარს თავისი „საკუთარი“ , სწორედ მის ხელოვნებაში წარმოჩენილი, ესა თუ ის გამომსახველობითი ხერხი გამოარჩევს. რამაზ ჩანტლაძის მთავარი სამეტყველო ენა – ფერია. მისი ფერთა მაჟორულობა ყველაზე მეტად ალბათ, მაინც მრავალრიცხვოვან ნატიურმორტებსა თუ მეტადრე, ჯამბაზების „პორტრეტულ“ გამოსახულებებში ჩნდება. აქვე, ის სერიაც უნდა დასახელეს, რომელიც ცხოველებისა თუ ზღაპრული ფრინველების გამოსახულებას წარმოგვიდგენს. დიდი პოპულარობით სარგებლობს და მნახველებში განსაკუთრებულ ემოციას ბადებს “ბალერინების“ სერია. მთელი სასურათე ზედაპირი ფერთა გათამაშებით იგება – ხან ერთიანი ლაქა-სიბრტყის გამომსახველობა, ხანაც პირიქით, მოზაიკის მსგავსი დაქუცმაცებული ფერადოვნება, რომელიც თავისი „სივრცობრიობით“ შორეულად პუანტალიზმსაც კი შეგვახსენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები