„ეს შენ გეხება” მოსმენების შესახებ კანონპროექტის რიგგარეშე სესიაზე გატანას მოითხოვს
კამპანია “ეს შენ გეხება” ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გატანას მოითხოვს. ეკა გიგაურის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გასულ კვირას კომიტეტებში მოხდა, თუმცა, პლენარულ სხდომაზე კვორუმის არარსებობის გამო, კანონპროექტის კენჭისყრა ვერ მოხერხდა.
მისივე თქმით, კანონპროექტი, რომელიც საბოლოოდ განიხილებოდა, არ მოიცავდა ყველაზე მნიშვნელოვან მუხლს, რომელიც მოსმენებზე პირდაპირ წვდომას, ანუ ე.წ. გასაღების თემას შეეხება.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მნიშვნელოვანი და პროგრესულია გარკვეული დებულებების მიღება, თუმცა, ვერასდროს მოხდება მონიტორინგი, ასრულებენ თუ არა სამართალდამცველი უწყებები პროგრესული დებულებების იმპლემენტაციას, თუკი მათ ხელში კვლავაც ექნებათ პირდაპირი წვდომის გასაღები.
„ერთის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი, პროგრესული და წინგადადგმული ნაბიჯია გარკვეული დებულებების მიღება, თუმცა, მეორეს მხრივ, ჩვენ ვერასოდეს მოვახდენთ მონიტორინგს, ასრულებენ თუ არა სამართალდამცველები ამ პროგრესული დებულებების ინპლემენტაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ, საქართველო განვითარდეს იმ მიმართულებით, რომ პერსონალურ ინფორმაციამდე პირდაპირი წვდომა სამართალდამცავ უწყებებს არ ჰქონდეთ“, – განაცხადა გიგაურმა.