წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი (საგარეო საქმეთა მინისტრი), მთავარეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაჰერი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.
იგი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში რუსეთის ფედერაციის მიერ მავთულხლართების გავლების შედეგად არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მთავარეპისკოპოსი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და არსებული მძიმე ვითარების შესახებ პირადად მათგან მოისმინა.
ვიზიტის ფარგლებში წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანმა ასევე პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი.
პოლ რიჩარდ გალაჰერი საქართველოს 21-24 ოქტომბერს სტუმრობს. გაიმართა მთავარეპისკოპოსის შეხვედრები პრემიერ მინისტრთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. იგი ასევე ეწვია მცხეთას და სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი მოინახულა.
ასევე, დაგეგმილია მთავარეპისკოპოსის შეხვედრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
პოლ რიჩარდ გალაჰერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები