ვინ იყო გრიგოლ ვაშაძის პირველი ცოლი და ვინ არის მისი გასაიდუმლოებული შვილი – ტაბუდადებული თემები და კითხვები პრეზიდენტის კანდიდატის ბიოგრაფიიდან

“ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რეიტინგული კანდიდატების პირველ სამეულში შედის, თუმცა, ამავდროულად ყველაზე გასაიდუმლოებული ბიოგრაფიის კანდიდატიცაა 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში. მის ბიოგრაფიაში თითქმის არაფერია ნათქვამი უფროს ვაჟზე, რომელიც დღემდე რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვში ცხოვრობს, არაა ნათქვამი ვაშაძის საბჭოთა კავშირის პერიოდზე ან იმ ადამიანებზე, რომლებმაც უზრუნველყვეს მისი დიპლომატიური კარიერა და მომავალი. თუმცა როცა საუბარია ქვეყნის მთავარსარდლის და კონსტიტუციის გარანტის პოსტზე, მოსახლეობამ უნდა იცოდეს თუ ვის აბარებს პრეზიდენტობას.

გრიგოლ ვაშაძე დაიბადა 1958 წელს საბჭოთა საქართველოში ცნობილი პარტიული მუშაკის, მაშინ ასე ერქვათ, ნოდარ ვაშაძის ოჯახში. სწავლობდა თბილისის #61 სკოლაში.

1975 წელს, იმ პერიოდში ჭიათურის კომიტეტის მდივნის პოსტზე მყოფი მამის დახმარებით გრიგოლი გადასახლდა მოსკოვში და მოეწყო საბჭოთა კავშირის ყველაზე სოლიდურ МГИМО-ს უნივერსიტეტში. ეს უნივერსიტეტი ცნობილი იყო როგორც საბჭოთა პარტიული ნომენკლატურის და დიპლომატიური კორპუსის, როგორც მაშინ ამბობდნენ, სამჭედლო. МГИМО-ში მოხვედრას სჭირდებოდა დიდი კავშირები რომლებიც ჰქონდა ვაშაძის მამას.

1976 წელს გრიგოლ ვაშაძის მამა დაინიშნა საბჭოთა საქართველოს კომუნალური მეურნეობის მინისტრად. რამაც კიდევ უფრო გაზარდა ახალგაზრდას წარმატების შანსები. თუმცა სწრაფი კარიერული წინსვლისთვის მხოლოდ პრესტიჟული საბჭოთა სასწავლებელი არ იყო საკმარისი, საჭირო იყო შესაბამისი რანგის საახლობლოც. 1978 წელს გრიგოლ ვაშაძემ ცოლად მოიყვანა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელის ვლადიმირ ალხიმოვის ქალიშვილი ნატაშა ალხიმოვა.

საბჭოთა იმპერიის მთავარი ბანკირის სიძე უკვე თანამდებობაზე მეტს ნიშნავდა. საქართველოში ისედაც პრივილეგირებული ოჯახის დანათესავებამ ალხიმოვთან გააძლიერა მინისტრ ნოდარ ვაშაძის პოზიციებიც. გრიგოლმა მეუღლე ნატაშა საქართველოში ჩამოიყვანა სტუმრად. საბჭოთა კგბ-ს ქართულმა დანაყოფმა მათ შესაბამისი დახვედრაც მოუწყვეს.

1979 წელს  ვაშაძეს და საბჭოთა კავშირის მთავარი ბანკირის ქალიშვილს ეყოლათ ვაჟი ნოდარი.

 1981 წელს გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა МГИМО და გავლენიანი სიმამრის დახმარებით დაიწყო მუშაობა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჯერ უცხოეთში მიმავალი დელეგაციების თანხმლებად, შემდეგ კი ბევრად სერიოზულ მიმართულებაზე _ კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების მიმართულებით. ბირთვული შეიარაღების თემებში საბჭოთა კავშირი მხოლოდ სრულიად სანდო კადრებს რთავდა. ვაშაძის სიმამრი ვლადიმირ ალხიმოვი იყო ავტორიტეტული და ამავდროულად მოწესრიგებული ადამიანი, მას ძალიან უყვარდა უმცროსი ქალიშვილი და სურდა რომ ქალიშვილის ოჯახს სწრაფად მიეღწია გავლენისა და წარმატებისთვის, შესაბამისად საჭირო იყო სიძეზე ზრუნვა, მითუმეტეს, რომ 1983 წელს საბჭოთა საქართველოში ვაშაძის მამა დაინიშნა საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრად.  ყველა წინაპირობა იყო ამგვარ სანათესაო გარემოცვაში გრიგოლს დიდი მომავალი ქონოდა საბჭოთა რუსეთში. მაგრამ ვაშაძის კარიერულ აღმასვლა შეაფერხა ოჯახურმა დრამამ. მისი მეუღლე ჯერ კიდევ გათხოვებამდე მეგობრობდა ცნობილ პიანისტ ანდრეი გავრილოვთან, მეგობრობა გაღრმავდა და 1985 წელს გაირკვა, რომ ნატაშა ალხიმოვამ ანტისაბჭოთა განწყობებით გამორჩეულ გავრილოვთან ერთად დატოვა საბჭოთა კავშირი და გადასახლდა ლონდონში, მოგვიანებით კი გაირკვა რომ ნატაშას და ალხიმოვის ურთიერთობის შესახებ საქმის კურსში იყო ვაშაძის სიმამრიც. სიმამრის მფარველობა დასრულდა. გარდა ამისა, მანამდე კგბ-შიც გაჩნდა ეჭვი, იქნებ გრიგოლ ვაშაძემაც იცოდა ანტისაბჭოთა მუსიკოსის ქვეყნიდან გაქცევის შესახებ. თუმცა ეს შიში უსაფუძვლო იყო, გრიგოლი არ იზიარებდა ნატაშას ანტისაბჭოთა განწყობებს და არც იმპერიიდან გაქცევას და არც რეჟიმთან სხვაგვარად ბრძოლას არ აპირებდა, ვაშაძე ბოლომდე დარჩა საბჭოთა კავშირის მოქალაქედ.

მიუხედავად ვაშაძის კრემლისადმი ერთგულებისა, ნატაშას და გავრილოვის ლონდონში გაქცევამ  ცუდად იმოქმედა მის კარიერაზე. კარიერული აღმასვლის იმედი აღარ იყო, ვაშაძეს პერსპექტივაში ჰქონდა საშუალო რანგის საბჭოთა დიპლომატის მომავალი…1988 წელს გრიგოლ ვაშაძის მამა მინისტრობიდან გადაიყვანეს კასპის ცემენტის ქარხნის დირექტორად, თავად გრიგოლი კი გადავიდა საბჭოთა კავშირის დიპლომატიური აკადემიის ასპირანტად.

1988 წელს ვაშაძე მეორედ დაქორწინდა არანაკლებ ცნობილ და გავლენიან ნინო ანანიაშვილზე რომელსაც ახალგაზრდობის მიუხედავად უკვე ჰქონდა მიღებული რუსეთის დამსახურებული არტისტის ტიტული. 1991 წლამდე ნინო ანანიაშვილი ცეკვავდა, ვაშაძე კი საბჭოთა დიპლომატიურ მივლინებებში დადიოდა.

1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, ვაშაძემ და ანანიაშვილმა საბჭოთა პასპორტები შეცვალეს რუსეთის მოქალაქეობით. საბჭოთა ეპოქიდან საბაზრო ეკონომიკაში გადასვლამ ნინო ანანიაშვილის შემოსავლები გაზარდა, მითუმეტეს რომ გრიგოლ ვაშაძე მის მენეჯერობასაც ითავსებდა.

2001 წელს პუტინმა ნინო ანანიაშვილი დააჯილდოვა ორდენით “მამულის წინაშე დამსახურებისთვის”.

იმავე პერიოდში ოჯახმა გადაწყვიტა რუსეთის გარდა საქართველოშიც წამოეწყოთ  ბიზნესი, ამჯერად მეღვინეობის მიმართულებით. დაარსდა კომპანია “გრეგორი ვაშაძე & ბრ”, თუმცა ბიზნესმა ვერ გაამართლა.

სამაგიეროდ გაამართლა ოჯახის დამეგობრებამ სააკაშვილთან. სააკაშვილი დათანხმდა რუსეთის მოქალაქე ანანიაშვილისთვის გადაეცა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და  “მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე” რომელშიც ბალერინას საბალეტო სკოლის გახსნა უნდოდა, სამაგიეროდ ანანიაშვილიც და ვაშაძეც რუსეთის მოქალაქეობის შენარჩუნების პირობით, გვერდში დაუდგებოდნენ სააკაშვილს. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გასხვისების გადაწყვეტილებას საზოგადოების იმდენად დიდი პროტესტი მოჰყვა, რომ მას ვერ უშველა ვერც მაშინდელმა მერმა, გიგი უგულავამ და ვერც პრეზიდენტის პიარ მანქანამ. თემა გაჩერდა, 7000-მა ბავშვმა შეინარჩუნა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე. ნინო ანანიაშვილი კი იმდენად განაწყენდა, რომ მზად იყო საქართველოდან უკან, რუსეთში დაბრუნებულიყო. სააკაშვილმა დაძაბულობა განმუხტა და 2005 წელს ანანიაშვილს ჩაიბარა ოპერის და ბალეტის თეატრი, გრიგოლ ვაშაძეს კი საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტი. საინტერესოა, რომ ამ პერიოდში სააკაშვილი კვლავ ცდილობდა მეგობრობას პუტინთან (მისი პირველი ვიზიტი პრეზიდენტის რანგში სწორედ მოსკოვში განხორციელდა) და რუსეთის მოქალაქისთვის რუსეთის დეპარტამენტის ჩაბარება იყო გარკვეული რევერანსიც პუტინისთვის.

2006 წელს ნინო ანანიაშვილმა სააკაშვილის შვილი მონათლა. ვაშაძეს უკვე მესამედ მიეცა შანსი სწრაფი კარიერული წინსვლა ბოლომდე მიეყვანა, მაგრამ სააკაშვილმა და პუტინმა საერთო ენა ვერ გამონახეს. აგვისტოს ომს რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე (2008 წლის თებერვლიდან). თუმცა, “ნეტ ხუდა ბეზ დობრა” და ომის შემდეგ, 2008 წლის ნოემბერში ვაშაძე დაინიშნა ჯერ საქართველოს კულტურის მინისტრად, ხოლო 1 თვეში სააკაშვილმა მას საგარეო უწყება ჩააბარა. ოცნება ასრულდა, რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და რუსეთისგან ოკუპირებული ქვეყნის პირველი დიპლომატი. “მე რუსეთის მოქალაქე ვარ და არა რუსეთის მთავრობის მოქალაქე, მთავრობა წავა და რუსეთი დარჩებაო” ასეთი არგუმენტით ისტუმრებდა რუსი-ქართველი დიპლომატი ჟურნალისტებს, მანამ სანამ 1 წლის შემდეგ, 2009 წლის შემოდგომაზე, რუსეთის დუმის წევრმა ბაგდასაროვმა არ დასვა საკითხი _ რატომ აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის პასპორტიო. შესაძლოა ბაგდასაროვმა არ იცოდა, რომ ვაშაძეს მისგან განსხვავებით დაშვება ქონდა საბჭოთა ბირთვულ შეიარაღებაზე და შესაბამისად მას ისედაც კარგად იცნობდნენ კრემლში. პუტინის პარტია “ედინაია როსიამ” წაუყრუა და არ დაუჭირა მხარი ბაგდასაროვის პრეტენზიას, თუმცა რამდენიმე დღეში ვაშაძემ  მაინც გაუგზავნა რუსეთის პასპორტი რუსეთის პრეზიდენტს. უცნაურია, რატომ არ იყო საკმარისი ვაშაძისთვის ქართული საზოგადოების უკმაყოფილება მისი რუსული პასპორტით და რატომ გახდა საკმარისი რუსეთის დუმა. თუმცა, პასპორტის დათმობის მუხედავად ვაშაძე არ მალავდა რომ ინარჩუნებდა მეგობრულ ურთიერთობებს რუსეთის საგარეო უწყების მაღალჩინოსნებთან.

გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ინარჩუნებდა სააკაშვილის რეჟიმის დასრულებამდე, დღეს კი ის  პრეზიდენტობის კანდიდატია უკვე ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობისგან.

ვაშაძეს არ აწყობს საუბარი თავის საბჭოთა წარსულზე, კრემლის მაღალჩინოსნებთან ნათესაობაზე, საბჭოთა ბირთვული შეიარაღების თემებთან წვდომებზე, კგბ-ს კეთილგანწყობებზე, თავის შვილზე, რომელიც დღეს 39 წლისაა და რუსეთის არმიის რეზერვშიც უნდა ირიცხებოდეს. ხვალ საქართველოსა და რუსეთს შორის ომი რომ დაიწყოს, მას რუსული არმიის რიგებში დგომა მოუწევს. ვაშაძეს საერთოდ არ აწყობს საუბრები მის წარსულზე, რადგან ელიტურ-კომუნისტური წარსული და შემდეგ რუსეთის მოქალაქეობის თითქმის 20 წლიანი ისტორია, ვერანაირად ვერ ჯდება ნაციონალური მოძრაობის ანტირუსულ სურათში. თუმცა თავად ნაციონალური მოძრაობაც ვერ ჯდება საქართველოს პერსპექტივაში,  ამიტომაცაა, რომ ვაშაძის წინასაარჩევნო პლაკატებზე ვერ ნახავთ წარწერას “ნაციონალური მოძრაობა”. წარსულს ისინი მალავენ, ვინც მომავალშიც აპირებს დამალობანას თამაშს.

 წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები