ვინ ვეღარ აიღებს სესხს პირველი ნოემბრიდან – ვის შეეზღუდება სესხების აღება გამკაცრებული საბანკო რეგულაციებით

“ვინ ვეღარ აიღებს სესხს პირველი ნოემბრიდან და ვის შეეზღუდება სესხების აღება გამკაცრებული საბანკო რეგულაციებით” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი”.
პირველი ნოემბრიდან კომერციული ბანკების მიერ სესხების გაცემა იზღუდება. რეგულაციები, რომლებიც ეროვნულმა ბანკმა მოამზადა, ახალ კრიტერიუმებს უწესებს როგორც ბანკებს, ისე მომხმარებელს, რომელთაც შეეზღუდებათ წვდომა ყველაზე მოთხოვნად სესხებზე. ცვლილებები ეხება როგორც სამომხმარებლო, ისე იპოთეკურ სესხებს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ საბანკო პროდუქტებით ვეღარ ისარგებლებს იმ მომხმარებლების 40%, ვინც აქამდე სხვადასხვა სესხით სარგებლობდა.
საბანკო რეგულაციების პირველი ტალღა 2017 წლიდან დაიწყო, რომელიც თავდაპირველად, ონლაინსესხების გამცემ კომპანიებს შეეხო, მოგვიანებით კი განვადებების სისტემას. ამჯერად ცვლილებები, რომლის მთავარი მიზანიც ჭარბვალიანობის პრობლემის დაძლევაა, უფრო მრავალმხრივია. საკმაოდ დიდია იმ მომხმარებლის კონტინგენტი, ვინც სესხს  ვეღარ აიღებს ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ. ასევე, მკაცრდება მოთხოვნები, რაც ახალი დებულებით, უნდა დააკმაყოფილონ მათ, ვისაც იპოთეკური სესხის აღება სურთ. საბანკო საქმის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ რეგულაციებით საკრედიტო პოლიტიკა საგრძნობლად შეიცვლება – მოკლევადიან პერიოდში დამძიმდება მომხმარებლის სოციალური მდგომარეობა, რომელსაც, სამწუხაროდ, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა კვლავ საბანკო სესხით უწევს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში, ეს ცვლილებები ეკონომიკის ზრდას გამოიწვევს და ქართველები, სხვა სიკეთეებთან ერთად, ფულის დაგროვების კულტურასაც ვისწავლით.

 ანი ალიბეგაშვილი, საბანკო პროდუქტების ექსპერტი, ორგანიზაცია  „საზოგადოება და ბანკები“:

– ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება საბანკო რეგულაციებს შორის, რომლებიც 1-ლი ნოემბრიდან შევა ძალაში, არის სესხის მომსახურების კოეფიციენტი. კოეფიციენტი, რომელიც აქამდეც არსებობდა, იყო ერთგვარი შიდა მოხმარების სახელმძღვანელო კომერციული ბანკებისთვის. ისინი თავად აწესებდნენ, რა შემოსავალზე რა თანხა უნდა ყოფილიყო მიმართული სესხის დასაფარად. კომერციული ბანკები ამ პარამეტრის დარღვევისგან თავს იკავებდნენ, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში მაინც ხდებოდა ამ პარამეტრის დარღვევა. ახალი რეგულაციით ეს შეუძლებელი იქნება. მომხმარებლები, შემოსავლის მიხედვით, კომერციული ბანკებისთვის იყოფიან სხვადასხვა კატეგორიებად. რაც უფრო დაბალი იყო შემოსავალი, მით უფრო მცირე თანხის მიმართვა შეეძლო მომხმარებელს თავისი შემოსავლიდან. ახალი რეგულაციით, 20%-მდე მცირდება 1000-ლარიანი შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის სესხის მომსახურების კოეფიციენტი, მომხმარებელი ვეღარ შეძლებს, აიღოს იმაზე მეტი რაოდენობის სესხი, რომ ყოველთვიურად 200 ლარზე მეტი დაფაროს. თუ აქამდე 1000-ლარიანი შემოსავლის მქონე ფიზიკურ პირს შეეძლო 15-ათასლარიანი სამომხმარებლო სესხის აღება, 160 თვის ვადით, ახლა შეუძლია აიღოს მხოლოდ 7300 ლარის სესხი 48 თვით.
შეიცვალა სამომხმარებლო სესხის ვადებიც, ნაცვლად ხუთი წლისა, სამომხმარებლო სესხის ვადა მცირდება 48 თვემდე. საბოლოო ჯამში, თითქმის განახევრდება წვდომა ფინანსურ რესურსზე იმ მომხმარებლისთვის, რომლის შემოსავალიც 1000 ლარამდეა. მომხმარებლების უმეტესობას ამოწურული ან მაქსიმალურად შევსებული აქვთ კოეფიციენტი, რომელიც შეუძლიათ მიმართონ სესხის დასაფარად, შესაბამისად, ისინი ვეღარ შეძლებენ, აიღონ პარალელური სესხები. ვადის გაგრძელების ან სესხის გადავადების ახალი ხელშეკრულების გაფორმების დროსაც, თანხა, რითიც ისინი დღეს სარგებლობდნენ, უკვე გადააჭარბებს ზღვარს, რის გამოც ისინი შესაძლოა, ჭარბვალიანთა სიაშიც ხვდებოდნენ.

 – სამომხმარებლო სესხები საბანკო პროდუქტებში ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი იყო, რომლის დიდი წილიც ხშირად მცირე ბიზნესის დაწყებას ან განვითარებას ხმარდებოდა. მომხმარებელი ოსტატურად ანაცვლებდა უფრო მაღალპროცენტიან ბიზნესსესხს საცალო სესხით. როგორ შეცვლის ახალი რეგულაციები ამ ორი საბანკო პროდუქტის პროპორციას?  

– სამომხმარებლო სესხები საბანკო პროდუქტებს შორის ყველაზე მოთხოვნადი სესხები იყო ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებს შორის. სამწუხაროა, რომ ბიზნესსესხების პორტფელი, მაღალი პროცენტიდან და რისკებიდან გამომდინარე, ვერ წონიდა საცალო დაკრედიტების პორტფელს. ეს სესხები ძალიან ხშირად მართლაც იყო მიმართული ბიზნესის განვითარებისკენ. იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ფიქსირებული შემოსავალი, ამასთანავე, სურვილი  და გამოცდილება, შეეძლოთ, დაეწყოთ ბიზნესი, ეს იყო სტარტაპის დაფინანსების წყარო, რადგან სხვა წყარო მათ, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ. ეს მომხმარებლები რისკავდნენ საკუთარი ანაზღაურების ხარჯზე. რიგ პირობებში ეს იყო გაუმართლებელი, რაზეც კრედიტინფოს სტატისტიკაც მეტყველებს, მაგრამ ვიცით ბევრი წარმატებული შემთხვევაც, მაგალითად, ტურიზმის სფეროში. მთის კურორტებზე მცხოვრები და იქ სხვადასხვა სამსახურში, მუნიციპალიტეტში დასაქმებული ადამიანები თავისი სახელფასო შემოსავლის იმედად ყიდულობდნენ ე.წ. „ველიკებს“, იყვანდნენ მძღოლს, და ამ საქმიანობით შოულობდნენ დამატებით შემოსავალს, დღის განმავლობაში 200 ლარსაც კი. ისინი ქმნიდნენ გარკვეულ დოვლათს, ახლა მათ ეს შესაძლებლობა ესპობათ. კარგი ბიზნესიდეის შემთხვევაშიც კი მათ მოუწევთ პარტნიორის  მოძიება, ვინმეს დაინტერესება თავისი ბიზნესიდეით, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღონ, რადგან საკუთარი ხელფასით აღებული სესხით  მცირე ბიზნესის დაწყებას ვეღარ შეძლებენ.

 – ამ კატეგორიის მომხმარებლის გარდა, კიდევ ვის ეხება შეზღუდვები? ვინ ვეღარ აიღებს სესხს?

– ამ კატეგორიაში ძალიან ბევრი მომხმარებელი მოყვება. შემოსავლის დადასტურება ხდება უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მოხდება ნებისმიერი საბანკო პროდუქტის გაცემა. მაისიდან ამოქმედებული რეგულაციების შემდეგ, რაც განვადებით პროდუქტის შეძენას ეხებოდა, რის მიხედვითაც შემოსავლის დადასტურება მნიშვნელოვანი კრიტერიუმი გახდა, მიწოდება საკმაოდ შემცირდა. საცალო გაყიდვებით დაკავებული კომპანიების წარმომადგენლები მნიშვნელოვან ზარალზე და გაყიდვების 30-40%-ით შემცირებაზე საუბრობენ. ამ ფორმით მიღებული რეგულაციების შემთხვევაში კომერციულ ბანკებს აღარ ექნებათ რეგულაციებიდან გადახვევის საშუალება, პარამეტრის დარღვევის შემთხვევაში კომერციულ ბანკებს საკმაოდ მკაცრი საჯარიმო სანქციების გადახდა მოუწევთ.

– როგორ შეცვლის ახალი რეგულაციები საკრედიტო პოლიტიკასა და რეალობას, როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბანკებისთვის?

– ახალი რეგულაციები საგრძნობლად შეცვლის არსებულ ვითარებას. მომხმარებლებისთვის საბანკო პროდუქტებზე წვდომის შეზღუდვა  გააუარესებს მათ სოციალურ მდგომარეობას, სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მაცივრის შესაძენად კვლავ განვადება სჭირდებათ და არ აქვთ იმის საშუალება, რომ ხელფასის აღების დროს შეიძინონ მაცივარი. მინიმუმ, მომავალი წელიწად-ნახევრის განმავლობაში ისინი ვერ შეიძენენ საჭირო პროდუქციას განვადებით, ან გარკვეული სესხის აღებას ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში. საშუალოვადიან პერიოდში მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა დამძიმდება, გრძელვადიან პერიოდში ამ რეგულაციებს შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის ეფექტი. მაგალითად, გამოვიმუშაოთ  დაზოგვის კულტურა, თუმცა ამას სხვა სახის შემოსავალი სჭირდება, რაც ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ. ფაქტია, რომ გარკვეული პერიოდი მომხმარებლისთვის იქნება რთული ვითარება, ამ მხრივ, არც კომერციული ბანკები აღმოჩნდებიან კარგ მდგომარეობაში, რომელთა დემონიზება, როგორც მოსახლეობის გამყვლეფი ორგანიზაციების, უკვე მოხდა.

– ეს ღონისძიებები მოხსნის თუ არა ჭარბვალიანობის პრობლემას, რისთვისაც გარკვეულწილად დაიწყო ახალი რეგულაციების შემოღება?

– კომერციული ბანკებიდან ჭარბვალიანობის პრობლემა ნაკლებად მოდიოდა, პრობლემა უფრო ონლაინსესხების გამცემ კომპანიებთან იყო დაკავშირებული. ბოლო ხუთი წლის სტატისტიკით, კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებული სესხები, როგორც სამომხმარებლო, ისე ბიზნესსესხები, მთლიანი სასესხო პორტფელის მხოლოდ 2,3%-ს შეადგენს. ამ მხრივ, რეგიონში კარგი მაჩვენებელი გვაქვს, რომელიც რეალურად შენარჩუნებული იყო მომხმარებლის მიერ ალტერნატიული გზების მოძიებითა და სესხის დაფარვით, რაც ხშირად ონლაინსესხებიც იყო. ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა, სადაც ფინანსურად ხელმოკლეა საზოგადოების დიდი წილი. მათი შემოსავალი მცირეა, ამას ემატება მეორე პრობლემა – მოსახლეობამ არ იცის თავისი შემოსავლის სწორი მართვა. კრედიტინფოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოსახლეობის ორი მილიონ შვიდასი ათას ადამიანზე ფიქსირდება ინფორმაცია, 600 ათასზე მეტს აქვს ნეგატიური სასესხო ისტორია. ადამიანები იღებენ ფინანსურ ვალდებულებებს, მაგრამ მათ  დროულად დაფარვას ვერ ახერხებენ. ქვეყანაში არსებული ჭარბვალიანობის პრობლემა რომ რეალურად და სამართლიანად განვიხილოთ, უნდა ვიცოდეთ, ამ 600 ათასი მომხმარებლიდან რამდენს აქვს მიმდინარე ვადაგადაცილება, რამდენი გარდაცვლილი ადამიანია ამ მონაცემთა ბაზაში. კრედიტინფო ბაზარზე ოპერირებს 2005 წლიდან, 2007 წლიდან მასთან აქტიურად თანამშრომლობენ კომერციული ბანკები. შესაბამისად, თუ ავიღებთ მათ მონაცემთა ბაზას 2007 წლიდან, ამ 11 წლის განმავლობაში საკრედიტო ისტორია გაუფუჭდა 600 ათას ადამიანს, მათში შედის ყველა ის მომხმარებელი, რომელმაც არ დაფარა სესხი. 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ დაფიქსირდა ძალიან მაღალი სტატისტიკა. ამ სტატისტიკაში ასევე არიან ის ადამიანებიც, რომლებმაც სესხი აიღეს, მაგრამ შესაძლოა, ცოცხლები აღარ არიან. ასეთ დროს სასესხო ვალდებულებას ხშირად ფარავს გარდაცვლილის ოჯახი, იმ შემთხვევაში, როდესაც ფორმდება სამემკვიდრეო და გარდაცვლილის ქონება გადადის მასზე, უძრავ ქონებასთან ერთად ასეთ ადამიანს ეკისრება პასუხისმგებლობა ვალის გადახდაზე. იმ შემთხვევაში თუ გარდაიცვლება ადამიანი, რომელსაც აქვს სასესხო ვალდებულება, მაგრამ არ აქვს ქონება და არ ჰყავს თავმდები პირი, ეს ვალდებულება ჩამოსაწერია. საკრედიტო ისტორია მაინც რჩება ნეგატიური მისი დაფარვიდან ხუთი წლის განმავლობაში. ჩვენ უნდა დავუშვათ, რომ ამ 600 ათას ადამიანში არიან ისეთებიც, ვინც სესხი დაფარეს და ისინიც, ვინც ცოცხლები აღარ არიან. ახალი რეგულაციები, რისი დანერგვაც ამ წლის დასაწყისიდან დაიწყო, სწორედ კრედიტინფოს მონაცემთა ბაზას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ჩვენ გვაქვს პრობლემა. ახალი რეგულაციებიდან, რაც წლის დასაწყისში ამოქმედდა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ეფექტური პროცენტის 100%-მდე შემცირება, ონლაინსესხები მძიმე ტვირთად აწვა მოსახლეობას, მათი ეფექტური განაკვეთი 700-750% იყო, მაისიდან ეფექტური პროცენტი შემცირდა 100-დან 50%-მდე და დაიწყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტება, რაც შემოსავლის შესწავლას მოითხოვდა. წელს ამოქმედდა რეგულაცია პროფესიული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის მქონე პირებისთვის, რამდენიმე თვით შეწყდა მსგავსი შემოსავლის მომხმარებლებზე სესხების გაცემა და მათ დაეკისრათ ვალდებულება, მიკრომეწარმის სტატუსით დარეგისტრირებულიყვნენ და გადაეხადათ შემოსავლის 1%, მხოლოდ ამის შემდეგ მიეცათ მათ სესხის აღების შესაძლებლობა. შემოსავლების დადასტურების ნაწილში რთულდება სიტუაცია მათთვის, ვინც სხვა ქვეყნიდან გაკეთებული გზავნილებით ახერხებდა სესხების აღებას, მათ შორის იპოთეკური სესხის. ეს შემოსავალი რომ გაითვალისწინონ კომერციულმა ბანკებმა, ის ადამიანი, ვინც გზავნილს აკეთებს, ლეგალურად უნდა იყოს ემიგრაციაში და ჰქონდეს ამის დამადასტურებელი საბუთი. ამ მხრივაც მნიშვნელოვნად შემცირდება იპოთეკური სესხების წილი.

– იზღუდება იპოთეკური სესხების გაცემის პირობებიც. კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება იპოთეკურ სესხებზე?

– იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით იცვლება სესხის მომსახურების პარამეტრები. ეს ეხება ყველა სახის სესხს. 3000-ლარიანი შემოსავლის პიროვნებას აქამდე შეეძლო 45-56 ათასი დოლარის ოდენობით სესხის აღება, დღეს ამ შემოსავლის მქონე მომხმარებელი უკვე აიღებს, მაქსიმუმ, 24 ათასი დოლარის იპოთეკურ სესხს, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ცვლილებას შესაძლოა, მოჰყვეს ღირებულების დაცემა უძრავი ქონების ბაზარზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აღარ ექნებათ საშუალება, შეიძინონ ბინები. იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა იქნება 15 წელი, ხოლო ქონებით უზრუნველყოფილი სესხი – 10-წლიანი. ეს ბევრს არაფერს ცვლის, ბანკები აქამდეც სიფრთხილით ეკიდებოდნენ უფრო დიდი ვადით, თუნდაც 20-წლიანი სესხების გაცემას. ჩემი აზრით, პრობლემები შეექმნებათ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ბინები სამშენებლო კომპანიებისგან  შიდა უპროცენტო  განვადებებით აქვთ ნაყიდი და გარკვეული პერიოდის, თუნდაც 2 წლის შემდეგ, ჰქონდათ დაგეგმილი კომერციული ბანკიდან სესხის აღება დარჩენილი საფასურის გადახდის მიზნით. მომხმარებლებმა, რომლებიც ბანკისგან ელოდნენ 45 ათასი დოლარის სესხს, შესაძლოა, ვეღარ აიღონ 24 ათას დოლარზე მეტი ოდენობის სესხი. მათ განსხვავების დასაფარად ან სხვა გზებით უნდა  მოიძიონ თანხები, ან დღის წესრიგში დადგება შეძენილი ქონების გაყიდვის აუცილებლობა, რაც ასევე არ იქნება მარტივი. რაც შეეხება სესხის ქონებით უზრუნველყოფას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით იცვლება ის, რომ მომხმარებლის შემოსავლის შესწავლის გარეშე უზრუნველყოფილი სესხი აღარ გაიცემა, თუ მომხმარებელს არ აქვს მინიმუმ ორი სახლი. თუ მომხმარებელი იპოთეკით ტვირთავს ბინას, მას უნდა ჰქონდეს მეორე ბინა, რომ დაზღვეულ იყოს რისკი და მსესხებელი უბინაოდ არ დარჩეს. რაც ეს რეგულაცია გახდა ცნობილი, ძალიან აქტიურად დაიწყო სოფლებში მდებარე სახლების დაკანონება. იპოთეკური სესხის გაცემის დროს, ასევე, მნიშვნელოვანია თანამსესხებლის განსაზღვრა. ბანკებს ჰქონდათ ხოლმე გადახვევა ამ პუნქტიდან, თანამსესხებლად შეიძლებოდა ყოფილიყო არა მხოლოდ დედა, მამა, შვილი, ქმარი, ასევე, ბებია, ბაბუა. აქამდე ბანკი არ ითხოვდა ოჯახის წევრობის დამადასტურებელ საბუთებს, მაგალითად, ორ მეგობარს შეეძლო აეღო სესხი და დაეფიქსირებინათ, თითქოს იყვნენ ცოლ-ქმარი, ცვლილებების შემდეგ თანამსესხებელი შეიძლება იყოს ვიწრო წრე – ოჯახის წევრები, რომელთაც უნდა წარადგინონ ოჯახის წევრის დამადასტურებელი საბუთი – ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა და ა.შ. თანამსესხებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შემოსავალი, რომლის ხელფასის გათვალისწინებაც მოხდება სესხის კალკულაციის დროს, რის გამოც თანამსესხებელს სესხით სარგებლობის საშუალება არ აქვს, თუ კოეფიციენტს სრულად ავსებს. ახალი რეგულაციები და პირობების გამკაცრება, ჩემი აზრით, გამოიწვევს შავი ბაზრის გააქტიურებას, აუცილებლად გამოიძებნება გარკვეული ხვრელები, გააქტიურდებიან მევახშეები, რომლებიც, ასევე, მოყვნენ რეგულაციებში. მათ უკვე აქვთ ვალდებულება, ჰქონდეთ ლიცენზია და დაარეგისტრირონ საკუთარი საქმიანობა. არაფორმალური დაკრედიტებიდან პროცესი ნელ-ნელა მოდიოდა კანონიერ ჩარჩოებში. რა იქნება რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ამ ეტაპზე ცოტა გაურკვეველია.

როგორ ხვდება საბანკო სექტორი ახალ რეალობას? – ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ახალი რეგულაციების ამოქმედებით საკრედიტო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება. ბანკების ასოციაცია ეროვნული ბანკს, რომელმაც ახალი რეგულაციები შეიმუშავა, გარკვეულ პოზიციებთან დაკავშირებით დათმობებზე წასვლას სთხოვს – ეს არის ვრცელი და კომპლექსური დებულება, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ ცვლილებას საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით. ამ ცვლილებებით რეალურად შემცირდება სამომხმარებლო საკრედიტო პორტფელი, სესხს ვეღარ აიღებს იმ მომხმარებლების თითქმის ნახევარი, 40% მაინც, ვინც აქამდე იღებდა. სესხები გართულდება მათთვისაც, ვინც სესხის აღებას შეძლებს. ეროვნული ბანკისა და სხვა მარეგულირებლის მიერ ასე დეტალურად და კომპლექსურად არ იყო გაწერილი სესხის გაცემის პირობები და აკრძალვები, რაც ახლა უწესდებათ კომერციულ ბანკებსა და მომხმარებლებს.

– ამ ცვლილებებით სახელმწიფომ პრაქტიკულად განუსაზღვრა მომხმარებელს, რამდენი აიღოს სესხი და ბანკს, რამდენი სესხი გასცეს.    საბანკო სფეროს სპეციალისტები არ უარყოფენ, რომ საბანკო რეგულაციებს ჰქონდა ხარვეზები, რაც იყო დასარეგულირებელი, თუმცა ფიქრობენ, რომ რეგულაციების ასე გამკაცრება ამ ეტაპზე ადრეა.

– ვერ ვიტყვი, რომ საბანკო სექტორში არ იყო ხარვეზები, მაგრამ ამ რეგულაციებით რამდენად მოხდება ამ ხარვეზების გამოსწორება, ძნელი სათქმელია. ალბათ, უფრო მძიმე შედეგებს მივიღებთ, ვიდრე ეს არის მიზნის მიღწევა ან არსებულის გამოსწორება. როდესაც ვსაუბრობთ ჭარბვალიანობაზე, ვადაგადაცილებული სესხების სტატისტიკა მაღალი არ არის, სამომხმარებლო სესხებზე 5,9%-ია, არც ყოფილა ეს ციფრი ბოლო პერიოდში მაღალი, ადამიანები სესხს რომ აღარ აიღებენ, ამით ჭარვალიანობის პრობლემა გადაწყდება? დღეს სესხების მოცულობის მხრივ საქართველოში ჭარბვალიანობა არ არის, ეს პრობლემა დგას მხოლოდ რაოდენობრივ ჭრილში, ეს არის ჭარბვალიანობის პოტენციური რისკი, რომელსაც ეს ცვლილებები ვერ გადაწყვეტს. ბანკებისთვის და მომხმარებლისთვის ეს არ იქნება იმდენად მძიმე, რამდენადაც აისახება როგორც საკრედიტო პორტფელზე, ისე ეკონომიკურ ზრდაზე, მოკლევადიან პერიოდში ეს ასახვა მოხდება მკვეთრად, გრძელვადიან მონაკვეთში შეანელებს ეკონომიკის ზრდას. როდესაც შემცირდება საკრედიტო პორტფელი, რაღაც ეტაპიდან დაიწყება ეკონომიკის ზრდა, მაგრამ არ იქნება ის ტემპი, რაც აქამდე იყო.  ჩვენ გვქონდა შენიშვნები დებულების კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც ეხებოდა დეტალური შემოსავლის ასახვას, ასევე, იმ პირთა კატეგორიას, ვისზეც უნდა გაცემულიყო სესხი, რომ არსებობდეს გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, ვისთვისაც შესაძლებელი იქნება სესხის მიცემა შემოსავლების დადასტურების გარეშეც. ეს მისცემდა საშუალებას საბანკო სექტორს, არსებულ მსესხებლებს, რომლებიც უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ აღნიშნულ რეგულაციებს, გამოუყოს დამატებითი რესურსი, მათთვის საჭიროების შემთხვევაში, სესხის გასაცემად. ეს არის ჩვენი რეკომენდაციების დიდი ნაწილი და, ასევე, გვაქვს თხოვნა ეროვნული ბანკის მიმართ, რომ სასურველია, ამ დებულების იმპლემენტაცია მოხდეს ეტაპობრივად, გარკვეული პერიოდების გავლის შემდეგ.

საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ საბანკო სექტორი განვითარების გარდამტეხ ეტაპს გადის და ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს საკრედიტო სტანდარტებისა და საკრედიტო პორტფელის ხარისხის გაუმჯობესებას.

 – რა გავლენას მოახდენს ახალი რეგულაციები საკრედიტო ბაზარზე?

 – ამ ტიპის რეფორმები თავის დროზე პრაქტიკულად ყველა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში განხორციელდა. მიზანი არაფორმალური სექტორის, სოციალური და სისტემური რისკების მკვეთრად შემცირება იყო. რეფორმა სესხის გაცემისას შემოსავლის დადასტურების სავალდებულო მოთხოვნაზე გადასვლას მხოლოდ საბანკო დაწესებულებისთვის არ მოითხოვს და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებებზეც ვრცელდება. ეს, თავის მხრივ, შეამცირებს რისკებს, რომ ფიზიკური პირები გადავიდნენ ლომბარდებში, კერძო მევახშეებთან, რომლებიც რეგულაციების გარეთ იყვნენ დარჩენილები. ათასამდე ლომბარდი და ათასამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჩვენნაირი პატარა ეკონომიკის ქვეყნისთვის ძალიან ბევრია. რეფორმის მეორე ნაწილი ამ პრობლემასაც მოაგვარებს. ახალი საბანკო რეგულაციები ხელს შეუწყობს საკრედიტო სტანდარტებისა და საკრედიტო პორტფელების  ხარისხის გაუმჯობესებას, ჭარბვალიანობის რისკის შემცირებას, რაც იყო კიდეც  საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია. ბანკებსა და საკრედიტო ბიზნესსუბიექტებს მოუწევთ არსებული ბიზნესმოდელების სახეცვლილება.

– რა შეიცვლება ბიზნესსესხებთან დაკავშირებით?

 – საბანკო სექტორი დღეს განვითარების გარდამტეხ ეტაპზე დგას. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლებში ბიზნესის დაკრედიტების ტემპები შემცირებულია, ბიზნესდაკრედიტების არსებული მოდელები, რომლებიც უძრავი ქონების უზრუნველყოფაზეა აგებული სულ უფრო ნაკლები ეფექტურობით მუშაობს, რაც იყო ჩასადები, ყველაფერი ბანკებშია ჩადებული. შემთხვევითი არ არის ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების ზრდის დინამიკაც. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 2015 წელთან შედარებით ჩამოწერილი სესხების მოცულობა გაზრდილია 63%-ით, ხოლო დასაკუთრებული ქონების მოცულობა – 47%-ით. ბანკებს ვერ დავაკისრებთ ვალდებულებებს ბიზნესდაკრედიტების ტემპების გასაზრდელად, წამყვან ქართულ ბანკებში საცალო დაკრედიტების ხვედრითი წილი საკრედიტო პორტფელის 60%-ს აღემატება. ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი 12%-ით არის გაზრდილი, ამავე პროცენტით არის შემცირებული ბიზნესდაკრედიტების ხვედრითი წილი. კომერციული ბანკი არის კერძო კაპიტალით შექმნილი  სტრუქტურა, რომელიც მუშაობს მოგებაზე. შესაბამისად, ის აფასებს რისკს და ფულს დებს იქ, სადაც უკუგება არის მისაღები.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები