იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ (უმცირესობის, ასევე ფრაქციის, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში კვოტით) ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ წარმომადგენელი გელა მიქაძე აირჩია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი, კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალები და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი“ განიხილა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები და მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებები გააცნო.
პროექტის თანახმად: ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2019 წლისთვის 4,5%-ით განსაზღვრა, საგადასახადო შემოსავლები 11 200,0 მლნ ლარს შეადგენს, საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-თან მიმართებაში 2.6%-ის ფარგლებში განისაზღვრება. გაგრძელდება მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი და პენსიების ზრდისთვის 200 მლნ ლარის გამოყოფის მიუხედავად, შენარჩუნებულია მიმდინარე ხარჯების კლებადი ტენდენცია, როგორც 2019 წელს, ასევე 2020-2022 წლებში, კერძოდ 2019 წელს მცირდება მშპ-ის 22.6%-მდე (2018 წელს 23.0%), ხოლო 2022 წლისათვის შემცირდება 21.0%-ზე დაბალ ნიშნულზე.
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 611.6 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები – 10 281.7 მლნ ლარი; არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 60.0 მლნ ლარის ოდენობით, ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 110.0 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 2 160.0 მლნ ლარის ოდენობით.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12 729.7 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 268.2 მლნ ლარს, გრანტები – 96.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები – 1 365.0მლნ ლარს.
პროექტით, კომიტეტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული უწყებებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი მოცულობის ასიგნებები:

• საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის – 4.150 მლნ ლარი;

• საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის – 9.000 მლნ ლარი;

• საერთო სასამართლოებისთვის – 73.000 მლნ ლარი;

• საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის -3.750 მლნ ლარი;

• იუსტიციის სამინისტროსთვის -184.895 მლნ ლარი;

• შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის – 643.5 მლნ ლარი. გათვალისწინებულია მიმდინარე წელს განხორციელებული, დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასების ზრდის (საშუალოდ 250,0 ლარით)სრული დაფინანსება, ასევე პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია სასაზღვრო პოლიციაში დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასების ზრდა (საშუალოდ 250,0 ლარით);

• საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია 134.0 მლნ ლარი. 6,0 მლნ ლარამდე გათვალისწინებულია დაბალი რანგის მოსამსახურეთა ხელფასების 250,0ლარით ზრდისთვის, ასევე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანხები გათვალისწინებულია გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის შექმნის ნაწილობრივ დასაფინანსებლად;

• საქართველოს პროკურატურისთვის – 36.0 მლნ ლარი;
• სახალხო დამცველის აპარატისთვის – 6,4 მლნ ლარი;
• იურიდიული დახმარების სამსახურისთვის – 6,4 მლნ ლარი;
• სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის – 2.0 მლნ ლარი.
გიორგი კაკაურიძის განაცხადებით, მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, 2019 წლიდან იზრდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციები და შესაბამისად,აუცილებელი იქნება დამატებითი თანხების გამოყოფა.
„ამ ეტაპზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს კონსულტაციები და პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებული იქნება სამსახურის ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო თანხები“,-აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. გიორგი კაკაურიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ქვეყნაში დოლარიზაციის შემცირებას ითვალისწინებს.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.
კანონპროექტის თანახმად, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველის მიერ 200 ათას ლარამდე (100 ათასი ლარის ნაცვლად) ნივთის ფასის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. ასევე, თუ ლიზინგის დაფინანსების თანხა 200 ათას ლარზე ნაკლებია (საქონლის წმინდა ღირებულება) ლიზინგის გამცემის მიერ საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული. მოქმედი რედაქციით იყო 100 ათასი ლარი და ეს ვრცელდებოდა მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და ინდივიდუალურ მეწარმეებზე. წარმოდგენილი კანონპროექტით აღნიშნული ვრცელდება ასევე იურიდიულ პირებზე.
წარმოდგენილი კანონპროექტით, ლიზინგის გამცემ პირებზე გავრცელდება საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან, ჯარიმებთან და ნებისმიერ ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერ ფინანსურ სანქციასთან დაკავშირებული შეზღუდვები. ცვლილებების თანახმად, ნებისმიერი პირის (იურიდიული, ფიზიკური და ინდმეწარმე) 2000 ათას ლარამდე სესხი უნდა გაიცეს ლარში და მისი ინდექსირება ან უცხოურ ვალუტაზე მიბმა იკრძალება.
როექტის მიხედვით, 200 ათას ლარამდე საბანკო კრედიტის გაცემა მოხდება მხოლოდ ლარში და მისი უცხოურ ვალუტაზე მიბმა ან ინდექსირება იკრძალება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ პროექტებთან ერთად, რომელიც სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა წარმოადგინა.
კანონპროექტი ითვალისწინებს აზარტული თამაშობების რეკლამის განთავსების მკაცრ რეგულაციას, ცალკეულ შეზღუდვებს და დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრავს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას.
კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმად, იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის რადიუსში. ასევე, იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება. ამასთან, აზარტული და მომგებიანი თამაშობის რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის წამახალისებელი რეკლამისა.
თანმდევი კანონპროექტით – „საგადასახდო სისტემისა და საგადასახდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, იკრძალება ქართული საგადასახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნობრიობით ონლაინ გადახდების განხორციელება.
კანონპროექტის მიღების მიზეზია აზარტული და მომგებიანი თამაშობებიდან გამომდინარე მძიმე სოციალური ფონი საქართველოს მოსახლეობაში და ამით გამოწვეული სოციალური რისკების შემცირების აუცილებლობა. სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.
კანონპროექტის მიზანია უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებისათვის კომპენსაციის დაწესება. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით.
მოქმედი კანონით აღნიშნული წესი მოქმედებს უზენაესი სასამართლოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში და წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება ამ წესის გავრცელება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაზეც.
კანონპროექტის ავტორი და ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
კომიტეტმა განიხილა საპარლამენტო ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების” ინიციატივით წარმოდგენილი პარლამენტის რეზოლუციის პროექტის „საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ” კენჭისყრის საკითხი.
რეზოლუციის პროექტის თანახმად: 1 საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა უნდა გამოცხადდეს სააკაშვილ- ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად; 2. ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები; 3.საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი.
სხდომაზე, რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო კომიტეტის დასკვნა, რომლის თანახმად:
„კომიტეტი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის პროექტით წარმოდგენილი მოთხოვნა შეფასების ნაწილში არის მსგავსი 2016 წლის ივნისის პარლამენტის დადგენილებისა, რომლითაც მოხდა 2004 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მმართველობის შეფასება ადამიანის უფლებების კუთხით და იზიარებს იმ დადგენილების შინაარსს, რომლითაც მმართველობის ეს წლები შეფასდა როგორც ძალადობრივი და ადგილი ჰქონდა სისტემური დანაშაულებების ჩადენას ჩვენი მოქალაქეების მიმართ, თუმცა წარმოდგენილი რეზოლუციის მოთხოვნა, რომელიც ეხება კონკრეტული პირების დამნაშავეებად გამოცხადებას, ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს, რომლითაც განაწილებულია კონკრეტული უფლებამოსილებები ხელისუფლების სამივე შტოს შორის. პარლამენტს არ აქვს უფლება კონკრეტული პირის მიმართ მოითხოვოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და დამნაშავედ ცნობა. ასეთი ქმედება აღქმული იქნება როგორც პოლიტიკური ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე, თუმცა საქართველოს პარლამენტს აქვს უფლება გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს შესაბამის ორგანოებს, რაც არაერთი რეკომენდაციით გაუკეთებია სწორედ მითითებულ დადგენილებებში. კომიტეტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, პროკურატურას, რომ მიუხედავად ასეულობით საქმის გამოძიებისა და დამნაშავე პირთა გამოვლენისა, რომელზეც უკვე დამდგარია არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის, ყოფილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, აუცილებელია წარსულში ჩადენილი ყველა დანაშაულის ობიექტური, ყოველმხრივი, სრულყოფილი გამოძიება დამნაშავე პირთა გამოვლენის დასჯის და დაზარალებულთა კანონიერ უფლებებში აღდგენის მიზნით”.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნას რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები