ვინ არის სირიის მოქალაქე, რომელსაც მარიამ კუბლაშვილმა სკანდალურად ცნობილი კომპანიის აქციები მიჰყიდა?

“მოგიყვებით სქემას სკანდალურად ცნობილ კომპანიაზე, რომელსაც უკვე ათეულობით დაზარალებული ჰყავს”, – ამბობს გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას „მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელი გია ბურჯანაძე.

ამ კომპანიის შესახებ ინტერნეტსივრცეში არაერთი კრიტიკული შინაარსის შეფასება, სტატია თუ ტელესიუჟეტი მოიპოვება, თუმცა გია ბურჯანაძის თქმით, დაზარალებულ მომხმარებელთა რაოდენობა მაინც ყოველდღიურად იზრდება. საუბარია კომპანია Luxury Cosmeticsზე, რომელიც მოქალაქეებს ჯერ ტელეფონით ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებს სრულიად უფასოდ სთავაზობს, ადგილზე მისულებს კი, ბურჯანაძის თქმით, დაახლოებით 3000 ლარის ოდენობის სახის კრემების ყიდვას აიძულებს. და როგორ ხდება ეს, ამის შესახებ მომხმარებელთა უფლებადამცველი თავად გვიამბობს. 

გია ბურჯანაძე, უფლებადამცველი:

– ეს არის საკმაოდ მოხერხებული სქემა. პოტენციურ კლიენტებთან ხდება სატელეფონო კომუნიკაცია, რომელთაც უფასოდ სთავაზობენ კოსმეტიკურ მომსახურებას. ეუბნებიან, რომ თითქოს ვიღაც ახლობელმა საჩუქრად ჩაწერა მათ კლინიკაში, ადგილზე მისულს კი ფაქტის წინაშე აყენებენ და პრაქტიკულად აიძულებენ ძვირადღირებული კრემების ყიდვასა და პროცედურების ჩატარებას.

– კონკრეტულად რაში გამოიხატება იძულება?

– მაგალითად, ერთ-ერთი დაზარალებული ჰყვება, მთელი ერთი საათის განმავლობაში ლამის დედოფლად ვიგრძენი თავიო. ფსიქოლოგიურად ისე დამამუშავეს, რომ ყველაფერზე თავს ვუქნევდიო. ბოლოს კი ამ საუბარში შემომაპარეს ხელშეკრულება, რომელზეც ხელი მომაწერინეს. გამიკეთეს განვადება ბანკში და ახლა იძულებული ვარ, ყოველთვიურად ამ კრემებში ვიხადო ფულიო.

– და ვის პასუხისმგებლობას ხედავთ ამაში?

– ამ სქემას ხელმძღვანელობს ადვოკატი ქალბატონი, რომელიც უკმაყოფილო კლიენტებს პირდაპირ ეუბნება – არ მოგწონთ რამე? მიმართეთ სასამართლოს. მან, როგორც იურისტმა, ზუსტად იცის, რომ სასამართლოში ეს ხალხი ვერაფერს გახდება, ვინაიდან ხელი ნამდვილად აქვთ მოწერილი ხელშეკრულებაზე. აქ მთავარი ისაა, რა ფსიქოლოგიური გავლენის ქვეშ მოაწერეს ხელი ამ ადამიანებმა.

– მოდით, მკითხველს განუმარტეთ, რომელ ადვოკატზე საუბრობთ?

– ცნობილი ადვოკატია, ქალბატონი მარიამ კუბლაშვილი, რომელიც ამ ისედაც ათას ვალში გადავარდნილ ხალხს პირდაპირ ეუბნება, – წადი და სადაც გინდა, იქ მიჩივლეო. თავად არის ამ კომპანიის მფლობელი და ამასთანავე, როგორც იურისტმა, კარგად იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს ისე, რომ კანონთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს, თუმცა, მე თუ მკითხავთ, ეს არის თაღლითობა, რომელსაც დღეს რატომღაც „აგრესიულ მარკეტინგს“ უწოდებენ. თაღლითობაა, როცა ისედაც გაჭირვებაში მყოფ ადამიანს ურეკავ, სთავაზობ რაღაც უფასო პროცედურებს და ამ დროს იქიდან კიდევ უფრო დიდი ვალებით უშვებ სახლში. აბა, წარმოიდგინეთ, რომ არა ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ეს ადამიანები დასთანხმდებოდნენ შეთავაზებას? პირდაპირ სატელეფონო კომუნიკაციის დროს რომ ეთქვათ, ამდენი და ამდენი ათასის კრემები უნდა იყიდოთო, დასთანხმდებოდნენ? რა თქმა უნდა, არა. მაშინ რა ხდება ამ დაწესებულებაში ისეთი, რომ ხალხი იქიდან დიდი ვალებით გამოდის?!

– კი მაგრამ, ეს ხალხი არ კითხულობს, რაზე აწერს ხელს?

– მოტყუებით, შეპარვით აწერინებენ ხელს და შემდეგ ხდება მთელი გაწევ-გამოწევა. თაღლითური სქემა, რომელსაც ეს ქალბატონი ხელმძღვანელობს, დღესაც წარმატებით მუშაობს და დაზარალებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. მათ ნაწილს სირცხვილისგან ამ ამბის გახმაურებაც კი უჭირს. არიან ადამიანები, რომლებსაც ასე მოტყუებით 7000 ლარიც კი გამოსძალეს. არიან ისეთებიც, რომლებსაც 3500-ლარიან პაკეტზე მოაწერინეს ხელი. ზოგს 2500-ლარიანი განვადება გააკეთებინეს და ა.შ. მინდა მომხმარებლებს მოვუწოდო, ნუ გახდებით ამ „აგრესიული მარკეტინგის“ მსხვერპლნი, რომელიც თაღლითობის ერთგვარ ნაირსახეობას წარმოადგენს.

„პრაიმტაიმს“ გია ბურჯანაძემ კონკრეტული დაზარალებულების შესახებაც უამბო, თუმცა მათ ამ თემებზე საჯაროდ საუბარი არ მოისურვეს, თუმცა ინტერნეტსივრცეში დაზარალებულთა თუ „გადარჩენილთა“ შეფასებების პოვნა ნამდვილად არ გაგვჭირვებია. აი, რას წერენ ისინი:

„მეც გავხდი მათი მსხვერპლი და კოშმარულად მახსოვს ის ორი დღე, კარგი გაკვეთილი იყო ჩემთვის. სქემა ზუსტად იგივეა… იქ ყველაფერი ლამაზად ჩანს, თან ვიფიქრე, დაახლოებით ამდენი ისედაც მეხარჯება. დავბოლდი, მოკლედ, ამ სრულიად უცნობ კოსმეტიკაზე. რომ მოვიტანე სახლში, რა თქმა უნდა, დავგუგლე და რაც იქ ვნახე, ამის შემდეგ დამეწყო საშინელი პანიკა. მანამდე სახლში, რა თქმა უნდა, დედაჩემი მოვატყუე, რომ მხოლოდ 1000 ლარი ღირდა ეს ყველაფერი და დედაჩემმა დამცინა, ეგეთი მეთოდით და ფორმით რომ გტენიან, ნაჩუქარიც არ უნდა აიღოო, მით უმეტეს საქმე ორგანიზმსა და ჯანმრთელობას ეხება. მოკლედ, ისეთი გაცეცხლებული ვიყავი საკუთარ თავზე, ლამის მივალეწე ეს შენი ჩემოდანი, მაგრამ დროზე მოვეგე გონს. დავხურე ეს ე.წ. კეისი და მეორე დღესვე მივედი „დეშელში“ დასაბრუნებლად და მინდა გითხრათ, რომ დაიბრუნეს. თუმცა ბოლომდე არ მჯეროდა. ხელშეკრულება შეწყვიტეს, თუმცა კრემები ნახმარი და გამოყენებული არ მქონდა. არ ვიცი, როგორ ხდება საბანკო ოპერაციები, როგორც მათმა იურისტმა მითხრა, რამდენიმე დღეში მივედი „თი-ბი-სი ბანკში“ და ანგარიში განულებული იყო. ფრთხილად იყავით, ეს მე მხოლოდ კარგად წამადგა, რადგან სერიოზული ორდღიანი გაკვეთილი მივიღე და როგორც იტყვიან, გადავრჩი ორწლიან კრედიტს და ყოველთვე ფულის წყალში გადაყრას და თვითგვემას, რადგან, რომ არ დაებრუნებინათ, მე იმის გამომყენებელი მაინც არ ვიყავი“.

„ხალხო, მართლა აფერისტები არიან, თავად დავდიოდი ამათ ტრენინგებზე და თავად ყველაზე კარგად ვიცი, რაც ხდება მაგათ კულუარებში. ასე რომ, არ მოტყუვდეთ!!! იბარებენ ხალხს გამოგონილ პროცედურებზე და შემდეგ აიძულებენ, ლამის 3000-ლარიანი სესხის აღებას რაღაც ჯადო ქეისის შესაძენად. არ ეშვებიან, მანამ თავისას არ მიაღწევენ, ძალიან აფერისტი და ამაზრზენი კომპანიაა, არ გაებათ მათ მახეში“.

„მე და ჩემი ცოლი ერთად მივედით მეგობრის თხოვნით. სანამ გავიგებდი, რაში იყო საქმე, დრო მქონდა და მეთქი, რატომაც არა, მეგობარს დავეხმაროთ-თქო. როგორც კი ოფისში შევედი, ეგრევე მოვწვი, რომ რაღაც არ იყო ისე (სუფთად). საქართველოსთვის ზედმეტად იღიმოდა ყველა, ზედმეტად მელაქუცებოდნენ. სანამ კონსულტანტები მოვიდოდნენ, ცოლი გავაფრთხილე ეგრევე, – რაც არ უნდა მოხდეს და შემოგთავაზონ, არაფერი არ იყიდო, არ დასთანხმდე-მეთქი. ავუხსენი რატომაც. მქონია მსგავს ორგანიზაციასთან აქამდეც შეხება და დაახლოებით ვიცი მათი მუშაობის პრინციპი. 5 წუთში სხვადასხვა კონსულტანტებმა წაგვიყვანეს პროცედურებზე, საკმაოდ შორს ერთმანეთისგან. ჰოდა, ვზივარ ჩემთვის ამ ჩემს კონსულტანტთან ერთად და უკვე იმ ეტაპზე ვართ, თუ არ ვიყიდი რამეს, სამსახურიდან რომ უშვებენ… ვუსმენ მეც ჩემთვის წყნარად, ტელეფონი ამოვიღე, ვთამაშობ და მივახვედრე ეს გოგო – უბრალოდ მოვალეობას ვიხდი და მალე მორჩი-თქო… ამ დროს კიდევ კარგი მირეკავს ჩემი ცოლი, გულაჩუყებული, – საწყლებიო, თუ არ ვიყიდე, სამსახურიდან უშვებენო, აი, მინიმალურ გადახდას მთავაზობენ 50 ლარი თვეში რა არისო, „ზატო“ უმუშევარი არ დარჩებაო და ა.შ. მეთქი, მეც მაგ ეტაპზე ვარ და არ დაიჯერო მაგათი აფერისტობა-თქო. ასე გადავრჩი მაგათ 3000-ლარიან განვადებას. ეგენი არიან ძალიან კარგად ორგანიზებული აფერისტების დაჯგუფება. ჩვეულებრივი კრიმინალები არიან. უბრალოდ, ჯერ კანონი არ სჯის მაგათ“.

„მეგონა, მასაჟის თუ სახის გამწმენდ პროცედურაზე მივდიოდი. ფოიეში ჩემი ახლობელი შემხვდა ქეისით ხელში, მითხრა, 2800 ლარი გადავიხადეო. ეგრევე მივხვდი, რომ საკუთარი პროდუქციის გასასაღებლად დამიბარეს. პროცედურას ნახევარ სახეზე გიტარებენ. მართალია, ეფექტი აქვს, მაგრამ არც ისეთი განსაკუთრებული. გოგონამ, რომელიც კრემებს მისვამდა (თვითონ არაჩვეულებრივი სახის კანი ჰქონდა), მითხრა, შენს სახეზე ეფექტი იმდენად არ ჩანს, რადგან ნაოჭები არ გაქვსო. წასმისას მიყვებოდა, რა პროცედურას მიკეთებდა. ნახევარ სახეზე რომ წამისვა კრემები და სითხეები, შემდეგ ოთახში მარტო დამტოვა და მითხრა, მეორე ნახევარზე მე თვითონ წამესვა.  ცოტა ხანში დაბრუნდა. თუ მოგწონსო, მკითხა. მე მადლობა გადავუხადე და რადგან პროცედურა უფასოდ ჩამიტარდა, უფრო მეტად შევაქე პროდუქცია, ვიდრე ვფიქრობდი. თუ შეიძენთო, მკითხა. გააჩნია, რა ღირს-მეთქი, ვუპასუხე. ოთახიდან გავიდა და 5 წუთის მერე შემოვიდა. მითხრა, – დღეს დირექტორს დაბადების დღე აქვს და სპეციალური შემოთავაზებაა 2800 ლარიო. ვერ გადავიხდი-თქო. რამდენს დახარჯავ თვეში სახის მოვლაშიო, 100 ლარს გადაიხდიო? კი-მეთქი. მოდი, გავალ და გავიგებ, თუ მოგცემენ თვეში 100 ლარადო. უკვე ვიცოდი, სანამ შემოვიდოდა, პასუხი დადებითი იქნებოდა. გულში მეცინებოდა, ამდენს რომ მეჩალიჩებოდა. მე ვუთხარი, მეუღლის გარეშე მაინც ვერ გადავწყვეტ-თქო. დაურეკეო, მითხრა. ასეთ ამბებს ჩვენ ტელეფონზე არ ვწყვეტთ-თქო, ვუთხარი. მაშინ ბე დატოვე და მერე მოდიო. ფული არ მაქვს თან წამოღებული-მეთქი. მაშინ 20 ლარი მაინც დატოვეო. ეგეც არ მაქვს-თქო, ვუთხარი და გამეცინა. მიხვდა, აზრი არ ჰქონდა საუბრის გაგრძელებას. ტელეფონის ნომრები მაინც დატოვე, 35 წელს ზემოთ ვისაც იცნობო. ვუთხარი, ეგეთი მდიდარი ნაცნობები არ მყავს-თქო. რომ არ გგონია, ის უფრო იყიდისო, მითხრა. არ იცი, აქ როგორი ხალხი ყიდულობსო. მოკლედ, თუ სხვისი ზეგავლენის ქვეშ ადვილად ექცევი, დაგაბოლებენ. მე ჩემმა ხასიათმა მიშველა, ალბათ. რომ ვატყობ, მეჩალიჩებიან, ვჯიუტდები და სასტიკ უარზე ვარ“.

მსგავსი შინაარსის შეფასებებს სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტსაიტებზე ხშირად წააწყდებით… ჩვენ, ცხადია, კომპანიის ხელმძღვანელს, ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რამდენად რეალურია ბრალდებები კომპანიის მიმართ. კუბლაშვილი მის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარზე საუბრობს და ამბობს, რომ რიგ შემთხვევაში კონკურენტები, რიგ შემთხვევაში კი გათავისუფლებული თანამშრომლები სოციალურ ქსელებში კომპანიის მიმართ ჭორებსა და ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.   

მარიამ კუბლაშვილი, კომპანიის დირექტორი:

– ამ კომპანიის დამფუძნებელი მე არ გახლავართ და არც რაიმე წილს ვფლობ. სხვათა შორის, თქვენმა გაზეთმა დაგვასახელა იმ კომპანიად, რომელმაც ბაზარზე ახალ მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი.

– თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ახალი მიმართულებით ძალიან ბევრი დაზარალდა… არა?

– ეს არის შავი პიარი. ჩვენმა ყოფილმა თანამშრომლებმა, ვინც კი სამსახურიდან გავუშვით, ყველამ თავისი კლინიკა გახსნა და ახლა ცდილობენ ამ ჭორების გავრცელებით ჩვენთვის ზიანის მოყენებას. ჩვენი კომპანია ამ ბაზარზე არის ყველაზე მძლავრი, ჰყავს ათასობით მომხმარებელი, ეს ადამიანები ზოგი უკვე მეცხრე ჯერზე ყიდულობს ჩვენს პროდუქციას.

– მაშინ რით ხსნით უკმაყოფილებას?

– ეს შეიძლება იყოს განაწყენებული ადამიანი, ვისაც არა აქვს საშუალება, ძვირად ღირებული პროდუქცია შეიძინოს და ბრაზდება, როცა შეთავაზებას უკეთებს კომპანია. როდესაც რაღაც პროდუქტი შენთვის ხელმისაწვდომი არ არის და ვიღაც გთავაზობს მის ყიდვას, შესაძლოა, ბუნებრივად გაგიჩნდეს აგრესია ხომ?! თუმცა არიან ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ჩვენ გავუშვით და სამსახურში აღარ აღვადგინეთ. ისინი დღეს ასეთი ბინძური ჭორების გავრცელებით არიან დაკავებულები. რეალურად არავინ არ არის დაზარალებული.

– ანუ კლიენტებს თქვენთვის პრეტენზიით არ მოუმართავთ?

– როგორ არ მოუმართავთ, მაგრამ მერე რა?! ზოგი არის, რომ შეიძინა პროდუქტი და პრობლემა აქვს თანხის გადახდაზე, ჩვენ ამ კატეგორიას უპრობლემოდ  ვუბრუნებთ გადახდილ თანხას. ამის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ ევროპული კანონმდებლობით ვმუშაობთ.

– თუმცა ზოგ შემთხვევაში საბანკო განვადებით ხდება პროდუქციის შეძენა და თანხის დაბრუნება როგორღა ხერხდება?

– დიახ, ბანკთან გვაქვს მემორანდუმი. ეს არის ჩვეულებრივი საბანკო ურთიერთობა. თუ კლიენტმა შემდგომში უარი თქვა პროდუქციაზე და მისი პრეტენზია იქნება დასაბუთებული, რა თქმა უნდა, ხდება მორიგება, ისე რომ არცერთი მხარის ინტერესი არ დაზარალდეს. რეალურად, ეს შავი პიარი წარმოებს კონკურენტი კომპანიებისა და სამსახურიდან გაშვებული თანამშრომლების მიერ, მათ ასეთი კამპანია ერთხელ უკვე აწარმოეს და ვერაფერს გახდნენ, დარწმუნებული ვარ, ეს მცდელობაც უშედეგო იქნება. დიახ, ნამდვილად გავუშვით ბევრი თანამშრომელი, მათ შორის ყოფილი დირექტორი, რომელიც კომპანიის ანტიპიარით იყო დაკავებული, შემდეგ კი საკუთარი კლინიკა გახსნა. ეს ხალხი ცდილობს, ბინძური მეთოდებით დაძირონ ჩვენი კომპანია. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ე.წ. არასამთავრობო მათ მიერ იყოს მართული, ან გრანტის გამო საუბრობდეს ამას.

„პრაიმტაიმი“, ასევე, დაინტერესდა, ვინ არის ამჟამად კომპანიის მფლობელი, ვინაიდან მარიამ კუბლაშვილმა განგვიმარტა, რომ კომპანიაში ის წილს საერთოდ არ ფლობს:

„მე გავყიდე კომპანიაში ჩემი წილი. 70 პროცენტს ფლობდა მიხაილ ლუბარსკი და 30 პროცენტს ვფლობდი მე, მაგრამ გავყიდე.

– ვის მიჰყიდეთ თქვენი წილი?

– ეს არის უცხოელი, სახელი და გვარი არ მახსოვს. შეგიძლიათ, ამონაწერი ნახოთ და იქ არის ნაჩვენები.

საჯარო რეესტრის ამონაწერით მართლაც ირკვევა, რომ მარიამ კუბლაშვილი ამჟამად შპს Luxury Cosmetics-ში არანაირ წილს არ ფლობს. ის კომპანიის დირექტორად არის მითითებული, თუმცა მიმდინარე წლის 22 აგვისტომდე კუბლაშვილი კომპანიაში 30-პროცენტიან წილს ფლობდა, ამჟამად კი ამ წილის მფლობელად სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე ფაისალ დულლი გახლავთ მითითებული. დანარჩენი 70% კი ვინმე მაიხაილ ლუბარსკის (ისრაელი) საკუთრებაა.


წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები