რას იხსენებს, სადამ ჰუსეინის ქართველი მრჩეველი, რომელიც საქართველოს სამ პრეზიდენტსაც ემსახურებოდა

ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ერაყის ყოფილი ლიდერის, სადამ ჰუსეინის პირადი მრჩეველი იყო და საბჭოთა კავშირის დროს, ატომური ბომბებიც გადაუზიდავს, დამოუკიდებელ საქართველოში კი სამ პრეზიდენტს ემსახურებოდა! ეს ადამიანი 83 წლის ქართველი პილოტი დარვინ რუხაძეა.
დარვინ რუხაძე არაერთი საინტერესო ისტორიული ფაქტის მომსწრეა, ქართველ პილოტთან ინტერვიუ გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ ჩაწერა.
“სადამი ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როცა ოპოზიციაში იყო. მაშინ ფრენებს მის ბიძაშვილს ვასწავლიდი და სანახავად მოვიდა. ერაყის შემდეგ 5 წელი ბუდაპეშტში ვიცხოვრე. შემდეგ ამიერკავკასიის ავიაციის ფრენების უსაფრთხოების უფროსი გავხდი და ერთხელ საიდუმლო ტელეფონით დამირეკა უფროსმა, არ გინდა ერაყში წასვლაო? რატომაც არა -მეთქი, თუმცა შემოთავაზება სერიოზულად არ მიმიღია, რადგან ერაყში ერთხელ ნამყოფს, მეორედ არ გზავნიდნენ. ამასობაში ჰუსეინმა გადატრიალება მოახდინა და მეც ისევ ერაყში მომიხდა წასვლა. უკვე ოჯახის გარეშე, რადგან ერაყს ომი ჰქონდა ირანთან და ოჯახებით აღარ გვიშვებდნენ. იცით, ეს ომი როგორი იყო? სამი თვე ებრძოდნენ ერთმანეთს, შემდეგი ორი-სამი თვე ისვენებდნენ. მე იქ ფრენების უსაფრთხოების სარდლის მრჩევლად დავინიშნე… ერთ დღესაც, ერთმა სარდალმა მკითხა, სამხედრო თვალსაზრისით შეიძლებოდა თუ არა თეირანის დაბომბვა. ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, მაგრამ პასუხისგან თავი შევიკავე… მოვახსენე ეს ამბავი საელჩოს, რომელმაც ინფორმაცია ბრეჟნევს აცნობა. მან თავის ხალხს დაავალა ჩემთვის გადმოეცათ: “დაბომბვა შეიძლება, თუ ამის სურვილი აქვთ!” მითითება მიღებული იყო, რომელიც ერაყის მაშინდელი პრეზიდენტისთვის, სადამ ჰუსეინისთვის უნდა მეცნობებინა. სადამმა ღამის 2 საათზე მიმიღო, სხვათა შორის, მიცნო და პირველი შეხვედრაც გაიხსენა. ისიც მკითხა, ცოლ-შვილი რატომ არ ჩამოიყვანეო. ვუთხარი ომია და აბა, როგორ-მეთქი. „ეგ არაფერი!“ – მითხრა და დამპირდა, ვინც ერაყში სამხედრო მისიით იყო ჩასული, მეუღლეებთან შეხვედრას მოგვიწყობდა. მოკლედ, ყავა დავლიეთ, ვილაპარაკეთ და საუბრის ბოლოს ვუთხარი, რომ ბრეჟნევი დაბომბვაზე თანახმა იყო… ძალიან გაუხარდა და რჩევა მკითხა, რა როგორ უნდა გაკეთებულიყო. დეტალურად ავუხსენი. ამის შემდეგაც მეკითხებოდა ჰუსეინი რჩევებს. მეუღლეებთან შეხვედრის დღე კი მართლაც მოგვიწყვეს… ყოველი შეხვედრისას სადამ ჰუსეინი კვლავინდებურად მეკითხებოდა, ვიყავი თუ არა იქ ყოფნით კმაყოფილი და ვინმემ რამე ხომ არ მაწყენინა…“, – იხსენებს დარვინ რუხაძე.

წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები