საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს
საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. ცენტრი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან, საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან, პაატა კვიჟინაძესთან და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერთან, ბენიამენ ფალავანდიშვილთან ერთად გახსნა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარითა და კომპიუტერებით. ცენტრში სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური – 11 ოთახია გამოყოფილი. გარე პერიმეტრზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური სივრცეა მოწყობილი.
იმერეთის რეგიონის 12–ვე მუნიციპალიტეტს უკვე აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო დახმარების ცენტრი, აქედან 11–ს ბოლო 3 წლის განმავლობაში, შენობები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით გადაეცა.
2017 წლიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.