„გავაშენოთ ბაღი გალერეის ფარგლებში“ – ანტონ ბალანჩივაძის გამოფენა გაიხსნება

14 ოქტომბერს, 19:00 საათზე, „ბაია გალერეაში“ ანტონ ბალანჩივაძის გამოფენა „ბაღები“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გალერეის პროექტი გულისხმობს ბაღების პერსონალური მოდელის შექმნას, სადაც „მებაღეებს“, შუასაუკუნეების მწერლების მსგავსად, მხატვრები წარმოადგენენ, ანუ გამოფენის დევიზია – გავაშენოთ ბაღი გალერეის ფარგლებში.
ეს თემა, ხელოვნების არსებობის მანძილზე, ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ბაღის პროგრამა და ესთეტიკა ეპოქისა და ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლებოდა. შუასაუკუნეებში ბაღი ნიშნების, ინდექსებისა და სიმბოლოების მოწესრიგებულ სისტემას წარმოადგენდა, რომელიც წიგნივით საკითხავი იყო და ამიტომ ბაღი ხშირად წიგნთან იყო გაიგივებული; წიგნებს უწოდებდნენ „ბაღებს“, „ლიმონარიუმებს“, ხოლო მწერლები მებაღეებად მოიხსენიებოდნენ, რომლებიც „ასოების და სიტყვების ბაღებს ჰქმნიდნენ“. სწორედ ბაღი წარმოადგენდა უნივერსუმის მიკროსქემას, სამყაროს საწყისის და სამოთხის იდენტურ და ხილულ სიმბოლოს და ბაღის გაშენება და მასში ყოფნის სურვილი დაკარგულ სამოთხეში დაბრუნების მცდელობად აღიქმებოდა.
ამიტომ ბაღის გაშენება მსოფლმხედველობითი, კულტურული და ესთეტიკური მოდელის დანერგვაა და თუ აღარ გვაქვს ბაღების გაშენების ადგილი და სურვილი, მაშინ ვკარგავთ სამყაროში ჰარმონიულად არსებობის ილუზიას, რადგან ირღვევა პროპორციულობა ადამიანი/ბუნების შესაბამისობის თვალსაზრისით, რასაც საბოლოოდ ეკოლოგიური პრობლემები, ფსიქოლოგიური და კულტურული შოკი მოაქვს.
პირველი ბაღი ანტონ ბალანჩივაძემ „გააშენა“.
მხატვარი ბაღის ვიზუალიზაციისათვის ტრადიციულ მითოლოგემას იყენებს: ლანდშაფტურ მოდელს – მიწა/ცა/არსების – ტრიადით, ზღაპრის მისტერიის ფორმატით და ტოტემის არაიერარქიული პროგრამით, რომელიც ყველა არსების თანაბარუფლებიანობას და კავშირს მოიაზრებს. ჯადოსნურ ბაღებს გვთავაზობს, როცა ტყე საიდუმლეობით არის მოცული, ხეები და მცენარეები კოსმოგონიური სტრუქტურის სიმბოლოა, ადამიანები და ცხოველები კი ჰერალდიკური ან ნარატიული სცენარით მოქმედებენ. მხატვრისთვის ბაღი იმ სამყაროს სქემაა, რომლის უპირატესობას აღიარებს: მისტერიის ელფერით გამსჭვალული ჰარმონიულობა აერთიანებს მიწას, ცას, მცენარეებს, ცხოველებსა და ადამიანებს. მხატვრის პროგრამა, რომელიც სამყაროს არსებობის ჰუმანისტურ პოზიციას გამოხატავს, ბაღის ხატით არის გადმოცემული ან ბაღის ელემენტებით შექმნილი. რეალისტურ კომპოზიციებს აბსტრაქციით ანაცვლებს, სადაც ბაღის მოტივი მხოლოდ მინიშნებულია. რეალობის აბსტრაქციაზე გაცვლის პროცესი მხატვარს თავისუფალი ოპერირების საშუალებას აძლევს, რომ ბაღის ცნება სიმბოლოდ გარდაქმნას, სადაც რაციონალურ მიდგომა ირაციონალურ და ემოციურ პრეზენტაციად იქცევა, კონკრეტული თემა კი უნივერსალურ ფასეულობად.
მისამართი: ინგოროყვას ქ.#19ა (შესასვლელი ყოფილი პარლამენტის შენობის უკან, სკვერიდან).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები