პაატა ბურჭულაძის მეუღლე: ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას შევატყობინებ, თუ როგორ დევნიან საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის მომღერალს

ჩვენს ყველა უცხოელ მეგობარს და გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციას შევატყობინებ, თუ როგორ დევნიან საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის მომღერალს, მის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდსა და მის ოჯახს, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის მეუღლის ანგელა ვასილენკოს განცხადებაშია ნათქვამი.
ვასილენკო თვლის, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა პაატა ბურჭულაძის და „იავნანას“ დისკრედიტაციის ხელშეწყობით არის დაკავებული.
„მინდა ყველამ იცოდეს, რომ მე და ჩემი ოჯახი მთელი ცხოვრება ვიამაყებთ ფონდ „იავნანას“ საქმიანობით. 14 წლის მანძილზე დავეხმარეთ ათასობით სოციალურად დაუცველ ბავშვსა თუ ოჯახს, ნიჭიერ სტუდენეტებს, საქართველოში მოვიწვიეთ მსოფლიოს უდიდესი არტისტები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო საუკეთესო შთაბეჭდილება შეჰქმნოდათ მათ საქართველოზე და კვლავ დაბრუნების სურვილი გასჩენოდათ. მონსერატ კაბალიე, დიმიტრი ხვოროსტოვსკი, მაია პლისეცკაია, ფერუჩო ფურლანეტო, დოლორა ზაჯიკი და მრავალი სხვა, რომელთა ვიზიტით ქვეყანაში წესით ყველა უნდა ამაყობდეს. ვეძებდით სპონსორებს საზღვარგარეთ, ჩვენი ოჯახის შეძლებულ მეგობრებს ვუამბობდით კონკრეტული ოჯახების სატკივარს და ვთხოვდით, დახმარებოდნენ მათ.
ქართველ ხალხთან ერთად 6 მილიონის ქველმოქმედება შევძელით, სრულიად უანგაროდ ჩამოვიყვანეთ არტისტები, რომელთა ჰონორარები რიგ შემთხვევაში მილიონს სცდება. და სხვათა შორის, ჩვენს მგზავრობაში არასოდეს დახარჯულა მოქალაქეების მიერ შემოწირული ან სახელმწიფო თანხა, ეს სახსრებიც ჩვენ მიერ იყო მოძიებული ყოველი კონკრეტული პროექტების ფარგლებში.
აშკარა ფაქტია, რომ დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურა პაატა ბურჭულაძის და „იავნანას“ დისკრედიტაციის ხელშეწყობით არის დაკავებული. ვიღაცას არ მოსწონს მისი ავტორიტეტი და მედიას და სამართალდამცავ ორგანოებს, როგორც ჩანს, „შავ პიარს“ ავალებს ჩვენ წინააღმდეგ. მოვუსმინე პროკურორ ამირან გულუაშვილის 8 ოქტომბრის განცხადებებს და გაოგნებული ვარ მისი უტიფარი სიცრუით. იგი, ამჯერად, ჩემი დისკრედიტაციის აშკარა მცდელობით არის დაკავებული, თითქოს თავს ვარიდებდი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, არადა პროკურატურამ თავად თქვა უარი 2018 წლის პირველ მარტს ჩემს გამოკითხვაზე და ეს განცხადება საჯაროდ გაავრცელა, მას შემდეგ 8 თვის მანძილზე არავინ გამოჩენილა. პროკურორ გულუას განცხადებები არღვევს ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმპციას, ალბათ მას ავიწყდება, რომ გერმანიის მოქალაქე ვარ, ქვეყნის, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესია.
ჩვენს ყველა უცხოელ მეგობარს და გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციას შევატყობინებ, თუ როგორ დევნიან საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის მომღერალს, მის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდსა და მის ოჯახს. სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს და აუცილებლად დაისჯებიან ისინი, ვინც ამ უგუნურ ბოროტებას ჩადიან“, – აცხადებს ანგელა ვასილენკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები