სკოლებში მოზარდებს სქესობრივი ურთიერთობებით გამოწვეული პრობლემებისა და ნაადრევი ორსულობისგან თავის დაცვას ასწავლიან

ეროვნული სასწავლო გეგმების საბაზისო სტანდარტში, რომელიც მე-7-9 კლასებს გულისხმობს, ბიოლოგიის და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოში, რომელსაც მომავალში „მოქალაქე“ დაერქმევა, შევა საკითხები, რაც რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის საკითხებს ეხება. იდეის ავტორი საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომის“ ფსიქოლოგი მაია ჯიბუტი „პრაიმტაიმს“ პროექტის დეტალებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არსებობს სტარტაპის დონეზე დაწერილი სცენარები, ელექტრონული ვერსიები სარეკომენდაციო-საგაკვეთილო სცენარების, რომლებსაც „თანადგომა“ პოპულარიზაციას გაუწევს საავტორო ჯგუფებთან.

– რა თემები ემატება და რას მისცემს ეს მოზარდს?

– დაახლოებით, 8 თემაზეა საუბარი, რომელიც ეხება რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის საკითხებს. ჯანსაღ წესთან დაკავშირებულ საკითხებში შევა ჯანსაღი კვება, სპორტული აქტივობები, შემოდის ჰიგიენის საკითხი (პირადი ჰიგიენის დაცვა, საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა), დღის რეჟიმის დაცვა, ანუ როგორია ერთი ადამიანის დღის რეჟიმი, რაც გულისხმობს სწავლა-განათლების მიღებას, შრომას, პარალელურ რეჟიმში, ასევე, დასვენებას, კვებასაც და, შესაბამისად, გართობასაც და ძილის რეჟიმს. გარდა ამისა, რაც შეეხება რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, გვაქვს შემდეგ თემები: ადრეული სქესობრივი ურთიერთობები, ადრეული ქორწინების საკითხები, ადრეული ორსულობა და ამით გამოწვეული ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური პრობლემები, ადრეული აბორტი, აივ-ინფექცია – შიდსი და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. გარდა ამისა, ირიბად შემოვიტანეთ ისეთი საკითხი, ეს არის ნარკოტიკების მოხმარება, გარკვეულ ქცევებზე დამოკიდებულება, როგორიცაა კაზინო, ტოტალიზატორი, თამაში და დამოკიდებულება ყოველდღიურ რეჟიმში. ეს თემები დაიყოფა საგნების მიხედვით ორ განსხვავებულ შინაარსად. ერთი უფრო განხილული იქნება სოციალიზაციის კუთხით, რათა მოზარდებს შევძინოთ გარკვეული უნარ-ჩვევები, ასევე, ვასწავლოთ უფლებები, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაიცვან საკუთარი თავი და პატივი სცენ სხვების უფლებებსაც, როგორც ჯანმრთელობის კუთხით, ისე ღირებულებების დონეზე. ბიოლოგიის სახელმძღვანელოში ეს თემები იქნება განხილული ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური კუთხით. მაგალითად, ადრეულ ასაკში აბორტმა რა ფიზიოლოგიური ზიანი შეიძლება მიაყენოს მოზარდს, იგივე მშობიარობასთან დაკავშირებით, რამხელა ფიზიკური ზიანი შეიძლება მიაყენოს მოზარდს, რომლის სხეულიც არ არის სათანადოდ ჩამოყალიბებული შვილის გასაჩენად და ამ დროს შეიძლება ტრავმატიზაციას ჰქონდეს ადგილი, ბავშვი დაიბადოს ნაკლები წონით. პასუხისმგებლობის თემაც ნაკლებად აქვთ ამ ასაკში, ვერ აცნობიერებენ თავიანთ სხეულში არსებულ ჩანასახს და საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას. არის ასეთი დაკვირვებები, რომ მოზარდობის ასაკში არ ხდება ხოლმე ექიმთან ვიზიტი, თუ არ ჰყავს მოზარდს ძალიან აქტიური მშობელი, რომელიც მის მაგივრად იმოქმედებს. ასეთი კუთხით იქნება საუბარი.

ერთი, რაც საინტერესოა, არის ის, რომ ბიოლოგიის სახელმძღვანელოში მე-7 კლასში შემოდის გარდატეხის ასაკის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური სირთულეები და ჯანმრთელობის ის რისკები, რომელიც ამ ასაკს ახასიათებს. აქ საუბარია ნარკოტიკების მოხმარებაზე, დაუცველ სქესობრივ ურთიერთობებზე, სხვადასხვა ინფექციებით დაინფიცირებაზე და ა.შ. არსებობს კიდევ ფსიქიკური პრობლემები მოზარდობის ასაკში, ძალადობისა და დანაშაულის პრობლემები და ეს თემები, იმედი მაქვს, სახელმძღვანელოში აისახება. რა თქმა უნდა, ჩვენ ავტორებს შევხვდებით და რაც ჩვენს თემებს ეხება, აუცილებლად მივცემთ რეკომენდაციებს ჩვენს თემებზე.

– რომელ კლასებში ისწავლიან ამ თემებს და რა დრო დაეთმობა?

– ეს თემები გადანაწილდება მე-7, მე-8, მე-9 კლასებში. როგორც განათლების სამინისტროს ექსპერტები გვეუბნებიან, საკმაოდ დიდი დრო დაეთმობა ამ თემების სწავლებას. საბაზისო სტანდარტი დამტკიცდა 2018 წლის ზაფხულის დასაწყისში. ახლა გამოცხადდება კონკურსი ავტორებისთვის, რომლებიც გააცნობენ საგნებში არსებულ სტანდარტის ცნებებს, სწავლების პროცესში რა შედეგზე უნდა გაიყვანოს წიგნმა პედაგოგთან ერთად მოსწავლე, ამის შემდეგ დაიწყებენ ავტორები სახელმძღვანელოების დაწერას და ეს შეიძლება დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდეს. ამის შემდეგ ეს წიგნები გაივლის გრიფს, კომისია შედგება სამინისტროში ექსპერტების სახით და რომელიც დააკმაყოფილებს  ყველა იმ კრიტერიუმს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელო, გაიმარჯვებს კონკურსში, დაიბეჭდება და ჩაეშვება. როგორც გვეუბნებიან, 2019 წლისთვის მოხერხდება მხოლოდ მე-7 კლასის სახელმძღვანელოების დაბეჭდვა, თუმცა 100%-ით ამის თქმა შეუძლებელია.

– როგორც ვიცი, სკოლისთვის განსხვავებული საკითხების სწავლებასთან ერთად, სწავლების მეთოდიც არასტანდარტული იქნება…

– სწავლების მეთოდოლოგია იქნება ძალიან საინტერესო. ეს არ იქნება მშრალად მიწოდებული ინფორმაცია, იქნება ინტერაქტიული გაკვეთილები, სადაც გამოყენებული იქნება ჯგუფური სავარჯიშოები, თემების განხილვა, კითხვარების შევსება და ა.შ. ბავშვებს ექნებათ საშუალება, სხვადასხვა თემებზე მოამზადონ პრეზენტაციები, ჩაატარონ კვლევები, სკოლაში თუ სკოლის გარეთ, რომ უკეთესად გაითავისონ ის საკითხები, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

– საჩვენებელი გაკვეთილები თუ მოეწყო უკვე და როგორია გამოხმაურებები?

– ჩვენ გავაკეთეთ ბიოლოგიაში პილოტური გაკვეთილები სამ სკოლაში მხოლოდ, თბილისის ორ და საგარეჯოს ნომერ პირველ საჯარო სკოლაში, სადაც ეს თემები, რაზეც ვისაუბრე, დაახლოებით 8 თემაზე, ბიოლოგიის ექსპერტებთან ერთად, შევიმუშავეთ საგაკვეთილო სცენარები. ეს ეხებოდა ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ აქტივობას, ადრეულ სქესობრივ ურთიერთობებს, ქორწინებას, ნარკოტიკების მოხმარებას და ა.შ. დავატრენინგეთ, ასევე, იმ სამი სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი, კარგად გავაცანით მეთოდოლოგია, რა სახით უნდა ემუშავათ მოსწავლეებთან, გადავეცით, ასევე, დამხმარე მასალაც, რომ მომზადებულიყვნენ გაკვეთილისთვის და საკმაოდ ნორმალურად ჩაიარა. დაინტერესებაც და ჩართულობაც იყო დიდი. პედაგოგებმაც გაართვეს თავი და მომავლისთვის დაგვჭირდება, ალბათ, პედაგოგების გადამზადება, რადგან „თანადგომის“ და განათლების სამინისტროს აბსოლუტურად განსხვავებული ექსპერტები ესწრებოდნენ თითოეულ გაკვეთილს და რეკომენდაციები და შენიშვნები შეჰქონდათ. ამის შემდეგ მოეწყო ფინალური შეხვედრა განათლების სამინისტროში, სადაც მოწვეულები იყვნენ უშუალოდ გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლები, რომელთა მხარდაჭერით განახორციელა „თანადგომამ“ ეს პროექტი და მოხდა შეჯამება.

– როგორც ფსიქოლოგი, როგორ ფიქრობთ, რამდენად საჭიროა, მოზარდმა აღნიშნული ინფორმაციები მიიღოს სკოლაში, რაში დაეხმარება ეს?

– ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, საკითხები, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, მოზარდმა უნდა იცოდეს და მიიღოს სასკოლო გარემოში. სახელმწიფო ინსტიტუციებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ მოზარდს, რომელიც სკოლას დაამთავრებს, ჰქონდეს გარკვეული წარმოდგენა იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებებში პრევენციულ ღონისძიებებზე მისვლა, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება ცხოვრებაში დაუდგეს. არიან მშობლები, რომლებიც ამ თემებზე ესაუბრებიან შვილებს, მაგრამ ცალკეული მშობლების იმედზე სახელმწიფო არ უნდა იყოს. ამას უნდა ჰქონდეს ინსტიტუციური მიდგომა. დღევანდელი მოზარდები საკმაოდ ინფორმირებულები არიან, რადგან ინტერნეტიზაციაა და ბავშვებს შეუძლიათ, გაეცნონ სხვადასხვა საკითხზე ინფორმაციას, მით უმეტეს, რომ ამ ასაკში ცნობისმოყვარეობა საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით ტაბუდადებული თემების მიმართ, როგორიც არის სქესობრივი ურთიერთობები, თუ ნარკოტიკების მოხმარება და ახლა უკვე ძალიან აქტუალურია მარიხუანის მოხმარება და აბსოლუტურად დაუცველები არიან ჩვენი მოზარდები. როდესაც სისტემური ხასიათი ექნება ამ ყველაფერს, ბავშვებს ექნებათ საშუალება, თავი დაიცვან და გააგრძელონ ამ ქვეყნის შენება. იგივე, ევროპაში თითქმის ყველა ქვეყანაში სხვადასხვა საგანში ისწავლება ჯანსაღი ცხოვრების საკითხები. ასევე, არის, მაგალითად, მიდგომა – მოწვეული სპიკერები თემატურ საკითხებზე – ექსპერტები, ფსიქოლოგები, ასევე, ბავშვები მიჰყავთ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ან ისეთი ტიპის ორგანიზაციებში, როგორიც ჩვენ ვართ.

„თანადგომისთვის“ ეს პირველი პროექტი არ არის. საზოგადოებას ახსოვს, ალბათ, სკანდალური წიგნი „მე და საზოგადოება“, რომელიც, ორგანიზაციის პრესის კოორდინატორის თქმით, სკოლებში სექტემბრიდან ისწავლება. ხათუნა ხაჟომია მიიჩნევს, რომ სახელმძღვანელოს მიმართ, რომელიც  მე-3, მე-4 და მე-5, მე-6 კლასებში ისწავლება, არასწორი ინტერპრეტაციები გაჩნდა.

„ეს სახელმძღვანელოც სამოქალაქო განათლების საწყისი საფეხურებია, რომელიც ეხმარება მოსწავლეს, დაწყებითი კლასებიდან გააცნობიეროს და ჩამოუყალიბდეს პასუხისმგებლობა. იყო პრობლემები რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან. სიტყვა გენდერსა და ტოლერანტობაზეც ჰქონდათ გართულება. საინტერესო ის იყო, რომ საგანს არ იცნობდნენ და ისე ჰქონდათ ეს შეხედულება. სახელმძღვანელოს პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვმა ისწავლოს, როგორ მოიქცეს ოჯახში, როგორი პასუხისმგებლობით უნდა იყოს ოჯახის წევრების მიმართ, საკუთარი თავის მიმართ, როგორ უნდა შეხედოს ჯანსაღი ცხოვრების წესს, რატომ უნდა უყვარდეს და ა.შ. სკოლაში როგორ უნდა მოიქცეს, მეგობრებს რატომ უნდა სცეს პატივი“, – ამბობს ხათუნა ხაჟომია.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები