ლაბორატორიის სპეციალისტებმა ჭიათურაში ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე სემინარი გამართეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები ჭიათურაში, იმერეთის რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს. ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე დროული დიაგნოსტიკა შესაძლებლობა აძლევს ფერმერს, ანალიზის შედეგების საფუძველზე, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ჯანსაღი პროდუქტის საწარმოებლად. ჯაჭვური პრინციპით მოქმედება კი ეფექტურ შედეგებს იძლევა, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე, ფერმერებისათვის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ლაბორატორიის ვეტერინარმა სპეციალისტმა, გაგა ოსიაშვილმა დაინტერესებულ პირებს დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია, რა უნდა მოიმოქმედონ იმისათვის, რომ სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული ზარალი თავიდან აიცილონ.
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს ლაბორატორიაში დანერგილი ახალი მეთოდებისა და ტესტირების გაცნობა. ასევე, პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება მიზნობრივი ჯგუფისათვის. აღნიშნული შეხვედრების მიზანი სოფლის მეურნეობაში ჩართული დაინტერესებული პირებისათვის ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილში ცოდნის გაღრმავებაა, ასევე, უშუალო ინტერაქცია კონკრეტულ მომხმარებლებთან.
მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, ლაბორატორიის ჯგუფმა ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე საცნობარო ლიტერატურა გამოსცა, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს შეხვედრის დასრულების შემდეგ გადაეცათ. შეხვედრები ფერმერებთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელშეწყობით ხორციელდება.