ჯეიმს აპატურაი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა, ჩვენ მათ დამოუკიდებლობას არასდროს ვაღიარებთ

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ რუსი სამხედროების მიერ მაია ოთინაშვილის გატაცებასთან დაკავშირებით, ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. მისივე თქმით, რუსეთის ქმედებები წინააღმდეგობაშია მათთვის დაკისრებულ ვალდებულებებთან.

როგორც მან აღნიშნა, ალიანსი საქართველოს გვერდით დგას და მუდმივად მოუწოდებენ რუსეთს, მსგავსი ქმედებები შეწყვიტოს.

„მსგავსი შემთხვევები მიუღებელია და ჩვენ ვგმობთ მომხდარს. ასეთ დროს ჩვენი პირველი რეაქციაა სოლიდარობის გამოცხადება ქართველი ხალხისთვის. რუსეთის ქმედებები არის წინააღმდეგობაში მათთვის დაკისრებულ ვალდებულებებთან, საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და პრინციპებთან, დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა. ჩვენ მათ დამოუკიდებლობას არასდროს ვაღიარებთ. ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას და მოვუწოდებთ რუსეთს, რომ უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გადაწყვეტილება.

სოლიდარობა საქართველოს მოქალაქის ოჯახს, სოლიდარობა, პირველ რიგში, იმ ახალგაზრდა ქალბატონს, ვისი კადრებიც ტელევიზიით გუშინ აჩვენეს. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და მუდმივად მოვუწოდებთ რუსეთს, ასეთი ქმედებები შეწყვიტონ და ასევე შეწყვიტონ მათი მხარდაჭერა, ვინც მსგავსს ქმედებებს სჩადის.

ამას ამბობენ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები საკუთარ განცხადებებში, ეს ითქვა მინისტერიალზე, ეს განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და კომუნიკაცია გვაქვს ყველა დონეზე. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებებს და შევინარჩუნებთ ამ მყარ და პრინციპულ პოზიციას“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ, პირველ არხთან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები